ჩვენს ხელნაკეთ ნივთზე, რომელიც წიგნის კითხვის პროცესს უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის, წინა წლებთან შედარებით, მოთხოვნა გაორმაგდა, - ამის შესახებ "წიგნის მეგობარი"-ის ავტორმა და შემქმნელმა ბექა შარაშენიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პროდუქტი 100%-ით ნატურალური ხისგან მზადდება.

"ჩვენი პროდუქცია არის დამხმარე აქსესუარი, რომელიც კითხვაში გვეხმარება. მას თითზე ვიკეთებთ და კითხვის დროს წიგნი თავისით აღარ იხურება. ის გამორჩეულია იმით, რომ არის სრულად ხელნაკეთი და მზადდება აკაციისგან - ზეთის, ლაკისა და საღებავების გარეშე, რაც პროდუქტს ბუნებრივ ბზინვარებას აძლევს.  "წიგნის მეგობარზე" მოთხოვნა როგორც ადგილობრივების, ისე ტურისტების მხრიდან მზარდია. მოთხოვნის ზრდას კი განაპირობებს ის, რომ პროდუქტი ხელნაკეთია და ასევე, უცხო საჩუქარია და მსგავსი საჩუქრები დღეს ბაზარზე თითქმის არ არის", - აცხადებს ბექა შარაშენიძე.

შეგახსენებთ, რომ "წიგნის მეგობარი" ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა და მომხმარებლების წიგნის აქსესუარებს სთავაზობს.

ბიზნესპარტნიორი