ქართული ხელნაკეთი სათვალეების ბრენდი NIKOLO BREGA 7 წლის წინ გაჩნდა და დღეს უკვე თბილისში ერთი მაღაზიით და აშშ-ში 3 შოურუმითაა წარმოდგენილი. როგორც „კომერსანტს“ Nikolo Brega-ს დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბრეგაძემ განუცხადა, ბრენდი გაფართოებას კიდევ გეგმავს და, ახლო მომავალში, ახალი შოურუმი თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ქსელში გაიხსნება.

ნიკოლოზ ბრეგაძე გვიყვება, რომ თავიდან მხოლოდ ხის ჩარჩოიანი სათვალეები ჰქონდათ, შემდეგ დაამატეს პლასტმასა, უჟანგავი ლითონი და ვერცხლი.

„7 წლის წინ დავიწყე სათვალეების დამზადება და მივედი იმ აზრამდე, რომ ჩემი საქმე ვიპოვე. თავიდან ჰობი იყო, მერე დავიწყე იმაზე ფიქრი, როგორ სათვალეები გაყიდვად პროდუქტად გადამექცია.

ხის ჩარჩოები კაკლის, ბზის, ამერიკული წითელი ხის, მუხის მასალისგან მზადდება. შუშა, რომელიც თვალს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან 100%-ით იცავს, ამერიკიდან შემოგვაქვს, ბრენდირებებს - ვერცხლის ფირფიტებზე ვაკეთებთ“, - აცხადებს ნიკოლოზ ბრეგაძე.

მისი თქმით, NIKOLO BREGA-ს სათვალეები საშუალო სეგმენტზეა გათვლილი. ხის სათვალეების ფასი 250-დან 300 ლარამდეა, პლასტმასის - 300 ლარი ღირს, ვერცხლის ჩარჩოიანის ფასი 700 ლარია, უჟანგავი მეტალის - 400 ლარი.

თბილისში NIKOLO BREGA-ს აბაშიძის ქუჩაზე აქვს მაღაზია. როგორც „კომერსანტს“ ნიკოლოზ ბრეგაძე უყვება, მათი სათვალეები ამერიკაშიც იყიდება - ნიუ იორკსა და ლოს-ანჯელესში 3 შოურუმი აქვს. 

„ამ ეტაპზე თბილისში ერთი მაღაზია გვაქვს, სათვალეები იყიდება ონლაინაც. გარდა ამისა, თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შოურუმის დამატებას ვაპირებთ.

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, ამერიკაში 3 შოურუმი გვაქვს: 2 ნიუ იორკში, 1 - ლოს-ანჯელესში. რაც შეეხება ცნობილ სახეებს, ამერიკელ მსახიობ ემ ჯეი როდრიგესს, მსახიობ და ტელეწამყვან კაილი ჯენერს და ბევრ ცნობილ ადამიანს აქვს ჩვენი სათვალეები“, - აცხადებს ნიკოლოზ ბრეგაძე.