„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით გათვალისწინებულია 300 მლნ ლარის დახარჯვა, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე 560 მლნ ლარი არის განსაზღვრული, გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის კი 180 მლნ ლარი გამოიყოფა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის წარდგენა მოხდა. მეორე ვარიანტი 5 ნოემბრამდე იქნება მზად, ხოლო ნოემბერში პარლამენტს მესამე ვარიანტი წარედგინება.

„ვფიქრობ ძალიან კარგი ბიუჯეტი გამოგვივიდა 2024-ის. კიდევ ვიმეორებ, ეს არის პირველი ვარიანტი, ოქტომბერში ვიმუშავებთ აქტიურად სამინისტროებთან, სხვა უწყებებთან, ასევე პარლამენტთან ერთად გვექნება აქტიური განხილვა.

მეორე ვარიანტს წარვადგენთ 5 ნოემბრამდე და შემდეგ, ნოემბერი დაგვრჩება, რომ მესამე ვარიანტზეც ვიმუშაოთ პარლამენტთან ერთად. ეს არის ძირითადი მონახაზი, რაც მინდოდა თქვენთვის მეცნობებინა. შეჯამებისთვის ვიტყვი, რომ 2024-ში 85 მილიარდი ლარი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი.

პერ კაპიტა ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 8600 დოლარი გახდება უკვე და შედარებისთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის თითქმის გასამმაგება მთლიანი შიდა პროდუქტის, თუ შევადარებთ 2012 წელს.

ბიუჯეტი, გითხარით, რომ 27,8 მილიარდი ლარი იქნება 2024-ში და დანარჩენზე მოგვიანებით დავაზუსტებთ და ვიმუშავებთ პარლამენტთან ერთად“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.