„კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას Auto Hall-ის თანადამფუძნებელმა ოთო გვალიამ განაცხადა, რომ დღესდღეობით მცირე ბიზნესის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა წარმოადგენს. მისივე თქმით, ბიზნესის კიდევ ერთ პრობლემას სესხის აღების პირობები წარმოადგენს.
“ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დღეს მცირე ბიზნესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ხშირად მეწარმეს აქვს კარგი იდეა, პროდუქტი და ყავს მომხმარებელი, მაგრამ ბიზნესის გასავითარებლად საჭირო ფინანსური რესურსი არ აქვს. განსაკუთრებით რთულია საბრუნავი კაპიტალის საკითხი. შეიძლება ბიზნესი მუშაობდეს, ჰქონდეს გაყიდვები, მაგრამ თანხა მომწოდებლებთან, მარაგებში ან სხვა ვალდებულებებში იყოს გაჩერებული. ასეთ დროს დამატებითი დაფინანსების გარეშე განვითარება საკმაოდ რთულია. ამასთან, მცირე ბიზნესისთვის პრობლემა მხოლოდ სესხის აღება არ არის. მნიშვნელოვანია სესხის პირობებიც, საპროცენტო განაკვეთი და ის მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც ხშირად მცირებიზნესისთვის და მცირე მეწარმისთვის საკმაოდ რთულია“. - აცხადებს ოთო გვალია.
ოთო გვალიას თქმით, აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია როგორც საბანკო პროდუქტების განვითარება, ისე სახელმწიფოს მხრიდან არსებული პროგრამების გაუმჯობესება.
„პირველ რიგში, მცირე ბიზნესისთვის დაფინანსება უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია როგორც საბანკო პროდუქტების განვითარება, ისე სახელმწიფოს მხრიდან არსებული მხარდამჭერი პროგრამების გაუმჯობესება. მაგალითად, კარგი იქნება საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების ისეთი მექანიზმების განვითარება, რომლებიც ბიზნესს რეალურ საჭიროებებზე იქნება მორგებული. ასევე მნიშვნელოვანია საკრედიტო გარანტიები იმ მეწარმეებისთვის, რომლებსაც განვითარების პოტენციალი აქვთ, თუმცა საკმარისი უზრუნველყოფა არ გააჩნიათ. ჩემი აზრით, საჭიროა ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მცირე ბიზნესს ექნება განვითარების შესაძლებლობა და არა მხოლოდ ყოველდღიური ვალდებულებების გასტუმრებაზე იქნება ორიენტირებული“. - განაცხადა ოთო გვალიამ.