კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე, „გრაკალი ჰესის“ მშენებლობა იგეგმება. პროექტის სკოპინგის ანგარიში უკვე გამოქვეყნდა, რაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის დაწყებას გულისხმობს. პროექტს შპს "ენ-სი 2022" ახორციელებს.
„გრაკალი ჰესი“ კალაპოტური ტიპის ჰიდროელექტროსადგურია, რომლის დადგმული სიმძლავრე 17 მეგავატს შეადგენს. პროექტის მიხედვით, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 76.3 მილიონი კვტ/სთ იქნება.
პროექტის ფარგლებში იგეგმება კაშხლის, თევზსავალის, წყალმიმღებისა და ნაპირდამცავი ნაგებობების მშენებლობა.
ამავე რეგიონში "ენ-სი 2022"-ის მიერ „ოსიაური ჰესის“ პროექტიც ხორციელდება, რომლის სიმძლავრე 14.2 მეგავატია, ხოლო წლიური გამომუშავება – 54.69 მილიონი კვტ/სთ. აღნიშნულ პროექტზეც ამჟამად გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები მიმდინარეობს.
კიდევ ერთი ჰესი, რომლის განვითარებასაც კომპანია "ენ-სი 2022" გეგმავს არის 22.4 მეგავატიანი კასპი ჰესი. პროექტის მიხედვით, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 90.2 მილიონი კვტ/სთ იქნება.
შესაბამისად, ამ სამი ჰესის ჯამური სიმძლავრე განხორციელების შემთხვევაში 53.6 მეგავატი იქნება.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანია "ენ-სი 2022" 2022 წელს დაფუძნდა, მისი დირექტორია გოჩა მუსელიანი, რომელიც ამავდროულად კომპანია "იმერ ენერჯი კაპიტალის" დირექტორიცაა. აღნიშნული კომპანია იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდინარე ძევრულაზე ძევრა ჰესების კასკადის მშენებლობას გეგმავს. როგორც "ენ-სი 2022"-ის ასევე "იმერ ენერჯი კაპიტალის" მფლობელი ბიზნესმენი კოკა კოკოლაშვილია.