25 იანვრიდან არმატურის იმპორტი დაიბეგრება, 1 ტონაზე ტარიფი 420 ლარით განისაზღვრა. შესაბამის ცვლილებას საქართველოს მთავრობის №494-ე დადგენილება ითვალისწინებს.

საქსტატის თანახმად, 2024 წელს საქართველო არმატურას ძირითადად რუსეთიდან და ირანიდან ყიდულობდა. აქედან, რუსული არმატურის იმპორტი 2024-ში 112%-ით, 104.1 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ირანიდან კი არმატურის იმპორტი 136%-ით, 80.1 მილიონ დოლარამდე იყო მომატებული. ორივე ქვეყნიდან იმპორტის ზრდა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია შესასყიდი ფასის კლებასთან. რუსეთიდან და ირანიდან შემოტანილ არმატურას იმპორტიორები ადგილობრივ პროდუქციაზე 10-20 დოლარით იაფად ყიდიან და ამ პირობებში, იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციის გაწევა შეუძლებელი იყო.

რუბრიკაში „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა“ სააგენტოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბაზარზე დემპინგურ იმპორტთან დაკავშირებით ვითარება სულ უფრო უარესდებოდა, რის გამოც არმატურის ორი მსხვილი მწარმოებელი ადგილობრივი კომპანია განახევრებული წარმოებით მუშაობდა.

„ემ ქეი დეველოპმენტ გრუპის" დამფუძნებელი მალხაზ კუნელაური “კომერსანტთან“ ინტერვიუში განმარტავს, რომ ინიციატივამ ბაზარზე შესაძლოა ერთი მხრივ მონოპოლია ჩამოაყალიბოს, თუმცა, თუ მწარმოებლები კეთილსინდისიერებას დაიცავენ და ფასები არ გაძვირდება, ცვლილება ადგილობრივ წარმოებას მართლაც დაეხმარება.

„ინიციატივის საფუძვლად ადგილობრივი წარმოების წახალისება დასახელდა, რაც ცუდი არ არის, რადგან ქართული არმატურა ბაზარზე არსებულ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს, როგორც ხარისხის ისე ფასის თვალსაზრისით. ბევრი მშენებელი იყენებს ადგილობრივი წარმოების არმატურას და პრობლემა არ ჰქონიათ. მთავარია ამ გადაწყვეტილებამ არ გამოიწვიოს ხელოვნურად ბაზრის მონოპოლიზაცია ქართველი მწარმოებლების მხრიდან. მონოპოლიზაციის მთელი პრობლემა ისაა, რომ მერე ის ფასებს დამოუკიდებლად ზრდის და შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სულაც აღარ იყოს ისეთი მისაღები ფასი, როგორიც ჩანდა. რაც უფრო ნაკლები კონკურენცია იქნება ამ ბაზარზე, მით უფრო არაადეკვატურად გაზრდილ ფასებს მივიღებთ და ნაკლებ ხარისხს, რადგან არჩევანის საშუალება არ გაქვს. მშენებლობის თვალსაზრისით, ყველაფერი სწორედ ამ გარემოებაზეა დამოკიდებული. ფაქტია, რომ ადგილობრივი მეწარმეები, არსებული ფასებით გაყიდვით წარმოებას უზრუნველყოფენ და მოგებაზეც გადიან, ლიკვიდურობასაც ინარჩუნებენ და ბიზნესსაც აწარმოებენ. ეს ასეც უნდა გაგრძელდეს“,- აღნიშნა კუნელაურმა.

რაც შეეხება სამშენებლო პროდუქციის ხარისხს, ქართულ არმატურას წლების წინ გარკვეული წუნი ჰქონდა, თუმცა ევროსტანდარტების დამკვიდრების ეტაპზე ეს აღმოიფხვრა.

„გარკვეულწილად, ხარისხის თვალსაზრისით ქართულ არმატურას პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ევროსტანდარტები ადგილობრივმა მეწარმეებმა, კარგა ხანია დააკმაყოფილეს. ადგილობრივი წარმოების არმატურა პრობლემური აღარ არის, მას აქვს ევროპული ხარისხი და მრავალსართულიანი სახლების მშენებელთა უდიდესი ნაწილი თანამშრომლობენ ქართველ მეწარმეებთან. თუმცა, ამბობდნენ, რომ უფრო უკეთესი ხარისხის იყო უკრაინული არმატურა, თუმცა, ომის გამო იმ რაოდენობით აღარ არის. რამდენად კარგია არ ვიცი, გამიგია, რომ ის პირველადი ნედლეულისგან იწარმოება და უფრო კარგია. ჩვენი, ქართული არმატურა კი მეორადი ნედლეულისგან იწარმოება, თუმცა აუცილებელ პირობებს აკმაყოფილებს“,- აღნიშნა „ემ ქეი დეველოპმენტ გრუპის" დამფუძნებელმა მალხაზ კუნელაურმა.