ევროკავშირში მიიჩვენევენ, რომ უკეთესი იქნებოდა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ნაცვლად, ერთმანეთს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები შეხვედროდნენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ზელენსკი-პუტინის შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან შეთანხმება სწორედ მათ შორის უნდა შედგეს.

„ვისურვებდი, ზელენსკი შეხვედროდა პუტინს, რადგან სწორედ ისინი უნდა შეთანხმდნენ. ტრამპი და პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან, ვნახოთ, რა გამოვა ამ შეხვედრიდან. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი ზელენსკიც შეხვდეს პუტინს. მათ შეუძლიათ, რეალურად განიხილონ, რა გააკეთონ. ამერიკას თუ საკმარისი ძალა აქვს, რომ რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს და ამ ძალას თუ გამოიყენებენ, მაშინ, რა თქმა უნდა, კარგია, რომ რუსეთი ამ ომს შეაჩერებს“, – განაცხადა კაია კალასმა.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უპასუხა „ფაინენშალ თაიმსის“ სტატიასთან დაკავშირებულ კითხვას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების თაობაზე რუსეთის პირობები მიიღოს.

კაია კალასის განცხადებით, უკრაინელები ძალიან გამძლეები არიან.

„ისინი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, საკუთარი ქვეყნისთვის იბრძვიან. ამიტომ მათ ასე უბრალოდ დანებება არ შეუძლიათ. ვფიქრობ, ეს საერთაშორისო წესრიგისთვისაა. ნეგატიურია, რომ აგრესორი იღებს იმას, რაც სურს, რადგან ეს არის გზავნილი ყველა აგრესორისთვის მსოფლიოში, რომ მათ უბრალოდ შეუძლიათ, წავიდნენ და აიღონ ის, რაც სურთ“, – განაცხადა კაია კალასმა.

ცნობისთვის, „ფაინენშალ თაიმსმა“ სტატიაში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების თაობაზე რუსეთის პირობები მიიღოს. გამოცემა ასევე იუწყებოდა, რომ ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინი უკრაინას „განადგურებით“ დაემუქრა. გამოცემის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტმა გვერდზე გადადო უკრაინის ფრონტის ხაზის რუკები, მოითხოვა, რომ ზელენსკის მთელი დონბასის რეგიონი პუტინისთვის ჩაებარებინა და არაერთხელ გაიმეორა რუსეთის პრეზიდენტის მიერ ერთი დღით ადრე სატელეფონო საუბრისას წამოჭრილი საკითხები. დონალდ ტრამპი „ფაინენშალ თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ცნობებს, თითქოს მან ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, მთელი დონბასი რუსეთს გადასცეს, უარყოფს. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ, ამის ნაცვლად, ომი უკვე არსებულ ფრონტის ხაზზე უნდა გაჩერდეს და დონბასი უნდა „გაიყოს“.

პირველი არხი