„თაიას“ ისტორია ორი წლის წინ ახალი წლის წინა დღეებში დაიწყო, როდესაც სტანდარტული საახალწლო დეკორაციებით მობეზრებულმა გადავწყვიტე, განსხვავებული და დასამახსოვრებელი რამ შემექნა. ასე გავაკეთე პირველი დიორამა - ტყეში ძველი სახლით, დათოვლილი ნაძვებით და ირმებით“, - ასე იხსენებს პროფესიით ჟურნალისტი და დიორამას არტისტი თამუნა იანვარაშვილი „თაიას“ შექმნის პირველ ნაბიჯებს. ამ დღიდან მოყოლებული დიორამა მის პროფესიად და ბიზნესად იქცა. 

„დიორამა სამგანზომილებიანი სცენაა, რომელიც შეიძლება იყოს ფანტაზიით შექმნილი ან რეალური ადგილის, სახლის ან მოვლენის მინიატიურული მოდელი. ნამუშევრებში მასალად ძირითადად ვიყენებ ქაფლასტს, პოლივინილქლორიდს, ხშირად ვიწერ დიორამისთვის განკუთვნილ ბალახებს, ხავსს, ბეტონის, ქვაფენილის ეფექტებს, რაც მეხმარება იმაში, რომ მინიატურას უფრო ხარისხიანი და რეალისტური სახე მივცე“, - გვიყვება თამუნა იანვარაშვილი. 

„თაიას“ მინიატიურების შექმნა წარმოსახვით და ფანტაზიით დაიწყო, თუმცა, დროთა განმავლობაში, ბაზარზე რეალური ადგილების და სახლების დიორამებზე გაჩნდა მოთხოვნა და თამუნა იანვარაშვილმა ნამდვილი სახლების, ძველი ჭიშკრების, კოშკების დამზადება დაიწყო. ბოლო პერიოდში ხელნაკეთ დღიურებს აკეთებს, რომელზეც პატარა დიორამები გადააქვს და მათ პრაქტიკულ დატვირთვას სძენს.

„დიორამის ფასები დამოკიდებულია დეტალებზე, სახლების შემთხვევაში კონსტრუქციაზე და ა.შ. შესაბამისად, თანხა და დროც თითოეულ მინიატურაზე ინდივიდუალურად ითვლება. როდესაც მომხმარებელს სახლის მინიატურა სურს, აუცილებელია ფოტოსურათები, რომ მისი აღქმა და მონახაზის გაკეთება შევძლო - რა მასალა და რამდენი დრო დამჭირდება“, - აცხადებს თამუნა იანვარაშვილი.

დიორამის არტისტი მინიატურებს სოციალური ქსელებსა და ETSY.com-ზე ყიდის და ნამუშევრების საქართველოს ფარგლებს გარეთ რეალიზაციასაც ცდილობს.