„მოსალოდნელია დავის დასრულება კომპანიის სასარგებლოდ, ვიდრე პირიქით“ - აღნიშნულია "ავერსი-ფარმას" ინდივიდუალურ ფინანსურ და მმართველობის ანგარიშგებაში, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობას ასახავს და რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა. აღნიშნულის შესახებ დოკუმენტში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილების კონტექსტშია ნათქვამი.
„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. საკითხი ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს. სააგენტოს გადაწყვეტილებით, 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას. შპს ავერსი ფარმაზე დაკისრებული ჯარიმა შეადგენს 14,402 ათასი ლარი. კომპანია კატეგორიულად არ ეთანხმება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნას, რადგან კომპანიას არასდროს არავისთან არ ჰქონია რაიმე სახის გარიგება, მით უმეტეს ფასებზე. კომპანიამ სრულად წარადგინა მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავდა ნებისმიერი სახის შეთანხმებულ ქმედებას. კონკურენციის სააგენტომ არ შეაფასა და მხედველობაში არ მიიღო წარდგენილი მტკიცებულებები. კომპანია გამოიყენებს ყველა იურიდიულ ბერკეტს, მათ შორის სასამართლოს, ჯარიმის გასაჩივრებისთვის. ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა იურისტების და შესაბამისი სფეროს სპეციალისტების მოსაზრება და მიაჩნია რომ უფრო მოსალოდნელია დავის დასრულება კომპანიის სასარგებლოდ ვიდრე პირიქით. წარსული პრაქტიკის ნაკლებობის გამო დავის შედეგების საიმედოდ შეფასება არ არის შესაძლებელი,“ - ნათქვამია დოკუმენტში.
ცნობისთვის: 2023 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ კონკურენციის სააგენტომ, ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. უწყების ცნობით, 9-თვიანი მოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ 2021-2023 წლებში კომპანიები - „ავერსი“, „გეფა“, „პსპ“ და „მერმისი“ სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასებს შეთანხმებულად ადგენდნენ და მათ ფიქსაციას ახდენდნენ.
კომპანიებს ჯარიმის გადახდა არ დაუწყიათ, რადგან სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. სასამართლოში საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.