სასაჩუქრე ტკბილეულის კომპანია „მონამი“ - MonAmie ქართულ ბაზარზე 4 წელია მუშაობს. საერთო ბიზნესი ბავშვობის მეგობრებმა 2019 წელს წამოიწყეს და მას შემდეგ მომხმარებლის სურვილების შესრულებაზე გუნდურად მუშაობენ.
როგორია „მონამის“ ისტორია და რას სთავაზობს კომპანია განსაკუთრებული საჩუქრის მაძიებლებს, ამის შესახებ „კომერსანტთან“ ინტერვიუში ერთ-ერთი დამფუძნებელი მარიამ ახვლედიანი საუბრობს.
როდის და როგორ გაჩნდა „მონამის“ შექმნის იდეა? როგორ შეარჩიეთ კომპანიის დასახელება?
მე და ჩემმა მეგობარმა თამრომ ერთმანეთი ფიგურულ ციგურაობაზე გავიცანით. ორივე საქართველოს ეროვნული დასის წევრები ვიყავით სინქრონულ ციგურაობაში. წლების განმავლობაში ვფიქრობდით, რა საერთო საქმე წამოგვეწყო. მუშაობის პროცესში გემრიელ საჩუქრებზე ფოკუსირება გადავწყვიტეთ, სწორედ ასე დაიწყო „მონამის“ ბრენდზე მუშაობა, 2019 წლიდან კი ოფიციალურად გამოვჩნდით ქართულ ბაზარზე.
„რა ვაჩუქო?“ ნებისმიერი ადამიანისთვის ყოველთვის აქტუალური კითხვაა, მათ შორის ჩვენთვისაც. „მონამის“ წინამორბედი სტარტაპი „აჩუქე ყველაფერი“ - ამ კითხვას ამომწურავ პასუხს სცემდა.
სახელს რაც შეეხება, Mon Amie ფრანგულად „ჩემს მეგობარს“ ნიშნავს. ჩვენი, დამფუძნებლების, მეგობრობის ისტორიიდან გამომდინარე, ერთხმად შევჯერდით ბრენდის სახელზე და ვიზუალურ კონცეფციაზე.
მხოლოდ ონლაინ შეიძლება შეძენა თუ გაქვთ ფიზიკური მაღაზია?
პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე „მონამი“ ონლაინ მაღაზიაა. თითოეული შეკვეთა მზადდება მომხმარებლის ინდივიდუალური სურვილის შესაბამისად, უნიკალური დიზაინითა და რა თქმა უნდა, მთელი გულით! „მონამის“ ძირითადი ხაზი შოკოლადში ამოვლებული ნატურალური და ცოცხალი მარწყვია, შესაბამისად, ონლაინ მაღაზიის კონცეფცია და სწრაფი მიწოდების სერვისი მომხმარებლებს პროდუქციის უნიკალური გემოთი და უნაკლო ვიზუალით სრულად ტკბობის საშუალებას აძლევს.
რა გამოარჩევს კომპანიას ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან?
როდესაც „მონამი“ შევქმენით, ამ კუთხით პირველები ვიყავით ქართულ ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სხვა სტარტაპმაც დაიწყო მსგავსი პროდუქციის შექმნა, ვფიქრობთ, რომ „მონამი“ განსაკუთრებულია, არა მხოლოდ ტექნიკური პროფესიონალიზმითა და მრავალწლიანი გამოცდილებით, არამედ მომსახურების თვალსაზრისითაც. ჩვენთვის თითოეული მომხმარებელი განსაკუთრებულია, ყოველთვის მაქსიმალურად ვითვალისწინებთ საჩუქრის ემოციურ ღირებულებას, შესაბამისად, ადრესატისთვის „მონამი“ საჩუქარზე უფრო მეტია.
დაბადების დღე, ნიშნობა, ქორწილი, სქესის გაგების ცერემონია, ვალენტინობა, კორპორაციული წვეულება, მეგობრების შეკრება თუ რიგითი სამუშაო დღე - „მონამი“ არის იდეალური საჩუქარი ნებისმიერი დანიშნულებისთვის.

რამდენი სახის პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებელს?
მომხმარებლებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქციას ვთავაზობთ, რომელთა გაერთიანება 6 ძირითად კატეგორიაშია შესაძლებელი. პირველი და მთავარი, რა თქმა უნდა, შოკოლადში ამოვლებული მარწყვის სასაჩუქრე ნაკრებები და თაიგულებია. ამის გარდა ვქმნით ხელნაკეთ შოკოლადს, ყვავილის თაიგულებს, ხილისა და ზეფირის ნაკრებებსა და თაიგულებს, წასახემსებლების ნაკრებებსა და დაფებს, ასევე მომხმარებლებს ვთავაზობთ ბუშტების კომპოზიციებს სხვადასხვა ვიზუალითა და დანიშნულებით.
ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი შოკოლადში ამოვლებული მარწყვია, პერსონალიზებული წარწერებითა და დიზაინით - რაც მთავარია, ნებისმიერ სეზონზე.
რა სეგმენტზეა გათვლილი თქვენი ტკბილეული?
„მონამის“ მომხმარებლები 4 ძირითად სეგმენტად შეგვიძლია დავყოთ „აჩუქე საკუთარ თავს“ - ადამიანები, რომლებსაც უყვართ გემრიელი და ხარისხიანი ტკბილეული - „მონამი“ მათთვის საუკეთესო დესერტია.
ადამიანები, რომლებსაც სურთ გემრიელი საჩუქრით გაახარონ სხვები - ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომლები ... ემიგრანტები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, თავიანთი ძვირფასი ადამიანების განსაკუთრებულ დღესასწაულებს დისტანციიდან აღნიშნავენ. ისინი „მონამის“ სრული სერვისით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სარგებლობენ.
კომპანიები, რომლებსაც თავიანთ თანამშრომლებსა და პარტნიორებს დასამახსოვრებელი საჩუქრებით ანებივრებენ.
ყველა ასაკის, გემოვნებისა და ბიუჯეტის მქონე მომხმარებელი, რომელსაც სურს ნებისმიერი მასშტაბის ღონისძიების გაფორმება, როგორც დეკორაციებით, ასევე „მონამის“ გემრიელობებით.

როგორია მოთხოვნა და რამდენად კმაყოფილი ხართ გაყიდვების შედეგებით?
კარგი საჩუქრის მოთხოვნა ბაზარზე სულ არის. რაც შეეხება გაყიდვებს, ყოველთვის შესაძლებელია უკეთესი შედეგის მიღწევა. ჩვენს შემთხვევაში, ამ ყველაფერს შეზღუდული რესურსით ვაკეთებთ და უფრო სიამოვნების მიღების საშუალებაა, ვიდრე შემოსავლის პირველადი წყარო.
რას გეგმავთ მომავალში, როგორც ფიქრობთ ბიზნესის განვითარებას?
„მონამის“ გუნდის მთავარი მოტივაცია ბედნიერი მომხმარებელი და ადრესატია, შესაბამისად მუდმივად ვხვეწთ როგორც პროდუქციის ასევე მომსახურების სტანდარტს. უამრავი ახალი პროდუქტის იდეა დამუშავების პროცესშია, რის შესახებაც ჩვენი ერთგული თუ ახალი მომხმარებლები მალე შეიტყობენ.