„ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორის ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, მოლოდინია, რომ წელს ლუდის ბაზარი 4-5%-ით გაიზრდება გასული წლის მაჩვენებლიდან, რომელიც 140 მილიონი ლიტრი იყო. მან ამის შესახებ BM.GE-სთან განაცხადა.

მისივე თქმით, უამინდობამ გაყიდვები მცირედით შეამცირა, თუმცა ახლა მზარდია.

"ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვებით ოდნავ ჩამოვრჩებით შარშანდელ შედეგებს, ეს გამოწვეული იყო ძირითადად წვიმიანი ამინდის გამო, თუმცა ახლა სეზონი კარგად მიდის, გაყიდვები იზრდება. ჩვენი მოლოდინია, რომ წლის ბოლოს მთელი ინდუსტრია დაახლოებით 4-5%-იანი ზრდით დავასრულებთ, ყოველ შემთხვევაში, ასეთი მოლოდინი გვაქვს. ლუდის ბაზარზე შარშანდელი წლის შედეგი არის 140 მილიონი ლიტრი, მათ შორის იმპორტირებული პროდუქცია, რაც არის ძალიან კარგი მაჩვენებელი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ტურიზმიც იზრდება, შესაბამისად, 4-5%-იან ზრდაზე დიდი ალბათობით გავალთ, მთელი ინდუსტრია",- ამბობს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

რაც შეეხება ექსპორტს, მისი თქმით, ქართული ლუდი ძირითადად ისეთ ქვეყნებში გადის, სადაც ქართული რესტორნებია. ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ექსპორტის ნაწილში ლიმონათს გამოყოფს და აღნიშნავს, რომ გასულ წელს ექსპორტირებული ლიმონათი ადგილობრივ ბაზარზე გაყიდულს ბევრად აჭარბებდა.

"რაც შეეხება ექსპორტს, ლუდის ექსპორტი არის ძალიან რთული. იმიტომ რომ ლუდი, როგორც წესი, ლოკალური პროდუქტია, თუ სუპერპრემიუმი არ არის. სუპერპრემიუმი სამწუხაროდ საქართველოში ლუდის ინდუსტრიას არ აქვს, ამას წლები სჭირდება, შეიძლება საუკუნეები. მაგალითად ბელგიურ, გერმანულ და ჩეხურ ლუდებს, ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ, სანამ ჩამოყალიბდა სუპერპრემიუმი. თუმცა ჩვენი ლუდი არის აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი, მათ შორის პრემიუმი და ძირითადად გადის ისეთ ქვეყნებში, სადაც ქართული რესტორნებია და ქართული კულინარია პოპულარულია და ძირითადად ჰორეკა სექტორში მოიხმარება.

ყველა ლუდის მწარმოებელს აქვს გაზიანი გამაგრილებელი სასმელების წარმოება, რომელიც მზარდი ტრენდით გამოირჩევა. მაგალითად ჩვენ 23 ქვეყანაში გვაქვს ლიმონათის ექსპორტი, სადაც ჯამურად შარშან მაგალითად 60 მილიონი ლიტრი გავიტანეთ, რაც სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე საქართველოს ბაზარზე გაყიდული ნატახტარის ლიმონათი", - ამბობს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი.

ცნობისთვის, გასულ წელს უალკოჰოლო სასმელების სექტორმა 150 მილიონი ლიტრის ექსპორტი განახორციელა, საიდანაც 40% "ნატახტარზე" მოდიოდა.

საქართველოდან ლუდის ექსპორტი შემცირდა. მიმდინარე წლის ხუთ თვეში ქვეყნიდან 1,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1 674 582 ლიტრი ლუდი გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 მლნ აშშ დოლარის 2 646 035 ლიტრი. ექსპორტის კლება დაახლოებით 38%-ია.

"ეფეს საქართველო" "ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფის" (EBI) წარმომადგენლობაა საქართველოში და აწარმოებს ადგილობრივ და ლიცენზირებულ ლუდის ბრენდებს, მათ შორის: "ნატახტარი", "ქარვა", "კასრი", "ტაატი" და სხვა.

წყარო: bm.ge