თეთრმა სახლმა პოლონეთში ამერიკული სამხედრო ყოფნის სტატუსის შეცვლას „მწვანე შუქი“ აუნთო და ის როტაციულიდან მუდმივად ყოფნის ფორმატით შეცვალა. ეს განცხადება 1 ივლისს პოლონეთის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა გააკეთა.
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, მარცინ პშიდაჩის მიერ მედიასაშუალებებთან გაკეთებული განცხადების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მასთან დაახლოებით ერთსაათიანი სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ ამ ცვლილებას ის „მთლიანად“ უჭერს მხარს.
„თეთრი სახლის მხრიდან „მწვანე შუქი“ ნამდვილად ანთებულია და ეს თავად მარკო რუბიომაც დაადასტურა“, – აღნიშნა პშიდაჩმა.
მისივე თქმით, პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ყოფნის საბოლოო სახე დამოკიდებული იქნება უფრო ფართო სტრატეგიაზე, რომლის შექმნაზეც ამჟამად პენტაგონი მუშაობს.
პშიდაჩის განცხადებით, თეთრი სახლის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება რუბიომ ევროპაში აშშ-ის ზოგადი სტრატეგიის მიღმა არსებულ რამდენიმე ფაქტორს დაუკავშირა, მათ შორის მტკიცე პოლონურ-ამერიკულ ურთიერთობებს, რომლებიც, ამერიკის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, დიდწილად, პრეზიდენტებს – კაროლ ნავროცკისა და დონალდ ტრამპს შორის არსებულ პირად კავშირებს ეფუძნება. პშიდაჩმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ რუბიომ პოლონეთს „სანიმუშო მოკავშირე“ უწოდა, რომელიც თავდაცვაზე თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ადეკვატურ წილს ხარჯავს და სამხედრო აღჭურვილობასა და ტექნოლოგიებში ინვესტიციებს ახორციელებს.
პოლონეთის პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის თქმით, რუბიომ დაადასტურა ტრამპის ადრინდელი პირობა პოლონეთში დამატებით 5000 ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ, თუმცა იქვე განმარტა, რომ ეს, სავარაუდოდ, იმ როტაციაშეჩერებული დაახლოებით 4000-კაციანი ჯავშანსატანკო ბრიგადის ჩანაცვლებას ნიშნავს და არა მისი რიცხოვნების გაზრდას.
„დამატებითი 5000 ჯარისკაცის შესახებ ადრე გაკეთებული განცხადება ძალაში დარჩა, – აღნიშნა პშიდაჩმა, – მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იმ 4 000-კაციან ბრიგადასაც, რომლის პოლონეთში გადმოყვანა დროებით შეჩერებული იყო და როტაციაში არ მონაწილეობდა, პოლონეთში გადმოისვრიან“.
მთავარი მრჩევლის თქმით, ჯარისკაცების რაოდენობა ნაკლებად მნიშვნელოვანია მათ შესაძლებლობებთან შედარებით, ხოლო როტაციულიდან მუდმივ საფუძველზე გადასვლა თავისთავად მრავლისმთქმელი სიგნალია „როგორც აღმოსავლეთისთვის, ისე დასავლეთისთვის“.
პშიდაჩმა მოუწოდა პოლონეთის მთავრობას, ზეწოლა მოახდინოს ვაშინგტონზე, რათა ეს დაპირებები პენტაგონმა და პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებად აქციონ. მისი განცხადებით, პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი, ბარტოშ გროდეცკი ხუთშაბათს პენტაგონში უნდა შეხვედროდა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს პოლიტიკის საკითხებში ელბრიჯ კოლბის, რომელიც ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალების ახალი განლაგების შემუშავებას ხელმძღვანელობს.
გარდა ამისა, პოლონეთის პრეზიდენტი, ნავროცკი ოთხშაბათს ცალკე ესაუბრა ვიცე-პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშს, რათა ნატო-ს მომავალი სამიტის წინ „პოლონეთის პოზიციის კონსოლიდირება“ მოეხდინათ.
პშიდაჩი ამბობს, რომ ამერკული სამხედრო ძალების პოლონეთში ახალი განლაგების სრული სახე, სავარაუდოდ, შემოდგომამდე არ გამოიკვეთება. დღეისთვის კი, მისი თქმით, პრიორიტეტულია იმის უზრუნველყოფა, რომ „თეთრი სახლის გადაწყვეტილება სათანადოდ იქნას იმპლემენტირებული“.
რუბიოსა და პშიდაჩის სატელეფონო საუბრამდე, პოლონეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში, ბოგდან კლიხმა რუბიოს მრჩეველს გადასცა თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტები, რომლებიც აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის პოლონეთში მუდმივად განთავსების გეგმებს შეეხება.
რუბიო-პშიდაჩის სატელეფონო საუბარი უსაფრთხოების უფრო ფართო საკითხებსაც შეეხო, მათ შორის რუსეთში, უკრაინასა და ცენტრალურ ევროპაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას.