რუსეთში საწვავის დეფიციტისა და ფასების ზრდის ფონზე ელექტრომობილებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც მედიასააგენტო Reuters-ი წერს, უკრაინის მიერ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გახშირებულმა დარტყმებმა ბენზინისა და დიზელის მიწოდება შეამცირა, რამაც ქვეყნის ბევრ რეგიონში საწვავის დეფიციტი, გრძელი რიგები და რეკორდულად მაღალი ფასები გამოიწვია.

Reuters-ის გამოთვლებით, რუსეთის ზოგიერთ რეგიონში საწვავის ფასები ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულამდეა ასული.

ამის ფონზე, მოსკოვში მოქმედი ავტომობილების დილერი EN Cars-ი აცხადებს, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნა რამდენიმე კვირაში მკვეთრად გაიზარდა. კომპანიის დამფუძნებლის, ევგენი ზაბელინის თქმით, თუ ადრე კომპანია თვეში მხოლოდ 2-3 ელექტრომობილს ყიდდა, ახლა ამდენივე EV ყოველდღიურად იყიდება.

მისი თქმით, საწვავის პრობლემების გამწვავების შემდეგ მომხმარებელთა ინტერესი როგორც ბიუჯეტური, ისე პრემიუმ-კლასის მოდელების მიმართ საგრძნობლად გაიზარდა. შოურუმში მყიდველები განსაკუთრებით ჩინური ავტომწარმოებლის, Geely-ის ელექტრო SUV-ებით ინტერესდებოდნენ.

თუმცა ელექტრომობილების გაყიდვები საწვავის კრიზისამდეც იზრდებოდა. იანვარ-მაისში საწვავის ფასები წლიურ ჭრილში 12%-ზე მეტით გაიზარდა, რის ფონზეც ახალი plug-in ჰიბრიდების გაყიდვებმა 125%-ით მოიმატა და 24 600 ერთეული შეადგინა, ხოლო სრულად ელექტრო ავტომობილების გაყიდვები 19%-ით გაიზარდა და 4 460 ერთეულს მიაღწია. მონაცემებს რუსული ანალიტიკური სააგენტო Autostat-ი და რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებენ.

ივნისში, როდესაც საწვავის დეფიციტი კიდევ უფრო გამწვავდა, გაყიდვების ტემპიც დაჩქარდა. მხოლოდ გასულ კვირაში ქვეყანაში 1 754 ახალი plug-in ჰიბრიდი დარეგისტრირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით თითქმის მესამედით მეტია და მიმდინარე წლის საშუალო კვირეულ მაჩვენებელს თითქმის 50%-ით აღემატება.

ამასთან, რუსეთში დამტენი სადგურების რაოდენობაც იზრდება. ციფრული რუკების სერვისის, 2GIS-ის მონაცემებით, 2026 წლის ივლისისთვის ქვეყანაში ელექტრომობილების დამტენი სადგურების რაოდენობა წლიურ ჭრილში 20%-ით გაიზარდა.

Autostat-ის მონაცემებით, გასულ წელს ელექტრომობილები და plug-in ჰიბრიდები რუსეთის ახალი ავტომობილების გაყიდვების მხოლოდ 4.3%-ს შეადგენდა.

წყარო: forbes.ge