„ბროწეულები“, „თბილისური სადარბაზო“, „ანგელოზი“, ეს ნამუშევრები მხატვარ მაია ბატკუაშვილი-რობაქიძის სავიზიტო ბარათებია. სწორედ მათი შექმნის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი ხელოვნება მხოლოდ ერთი მხატვრის ნიჭის რეალიზებას არ ემსახურებოდა, არამედ ის მოსწონდათ, აღაფრთოვანებდათ და მნახველები მზად იყვნენ მასში თანხა გადაეხადათ.
მისი შთაგონების წყარო, მამის მონატრება და მასთან უხილავი კავშირი აღმოჩნდა. შემდგომში კი ნელ-ნელა გამოიკვეთა ძველებური ნივთების მიმართ სიყვარული და ნოსტალგიური დამოკიდებულება. სწორედ სიძველისა და სიახლის შერწყმით ახერხებს შექმნას რაღაც, რაც განუმეორებელია. ორი ერთნაირი ნამუშევარი, მის ხელოვნებაში არ არსებობს.
თუ როგორი იყო მისი პროფესიული გზა და როდის გადაწყვიტა ხელოვნება ბიზნესად ექცია, ამის შესახებ მაია ბატკუაშვილი-რობაქიძე „კომერსანტს“ ინტერვიუში ესაუბრა.
„ბავშვობიდან ვხატავდი, თუმცა ხატვის შესასწავლად არსად მივლია. სკოლა 90-იანებში დავამთავრე და მაშინდელი ვითარებიდან გამომდინარე, სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება ვერ მოვახერხე, თუმცა ძალიან მინდოდა. ოჯახის შექმნის შემდეგ, ხატვას დიდ დროს ვერ ვუთმობდი, ვხატავდი მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის. ასევე ვაკეთებდი სამკაულებს, რომლებსაც ახლობელ ადამიანებს ვაჩუქებდი ხოლმე. მას შემდეგ, რაც ჩემი შვილები წამოიზარდნენ და უფრო მეტი თავისუფალი დრო გამიჩნდა, ვიფიქრე, რომ მხატვრობისთვის უფრო სერიოზულად მომეკიდა ხელი, რაშიც ჩემი მეუღლის მუდმივი მხარდაჭერა და თანადგომა არ მაკლდა.
პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი 25 წლის წინ დიზაინერ თათა ვარდანაშვილს უკავშირდება. მასთან მინდოდა ფეხსაცმლის შეკერვა და ასე დავიწყო ჩვენი პირველი კომუნიკაცია. მან შემთხვევით ნახა ჩემი ნამუშევრები რის შემდეგაც ჩემით დაინტერესდა და შემომთავაზა შემომთავაზა თანამშრომლობა ტყავის აქსესუარების შექმნაში, რაც სასიამოვნო გამოწვევად იქცა. ჩემი პირველი ნამუშევარი - ქამარი ერთ-ერთმა ჟურნალისტმა შეიძინა. ამ საქმიდან პირველი შემოსავალიც მაშინ მივიღე და მივხვდი, რომ აღარ უნდა გავჩერებულიყავი“, - აღნიშნავს მაია ბატკუაშვილი-რობაქიძე.
საკუთარი საქმის დაწყებამდე მან მინანქარზე მუშაობა შეისწავლა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემის გამო, თავის დანებება მოუწია. შემდეგ იყო ხატვის, კერამიკისა და ბატიკის კურსები. მხატვარი ყველა პროფესიონალის მადლიერია, ვინც მისი შემოქმედების განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა. სწორედ მათი დახმარებით, მიხვდა რომ მისი ინდივიდუალიზმი ყველაზე კარგად თვითმყოფად ნამუშევრებში ჩანდა და საკუთარ შთაგონებას უნდა გაყოლოდა.
პანდემიის პერიოდში აქტიურად დაიწყო მუშაობა. პირველი ნამუშევრის შექმნისას ექსპერიმენტს მიმართა და სხვადასხვა ტექნიკებით, ბავშვობის ტკბილ მოგონებებთან დაკავშირებული ნამუშევარი „ბროწეულები“ შექმნა. უცხო ადამიანებისგან გულწრფელი მოწონება დიდი სტიმული აღმოჩნდა მისთვის, რომ ეს საქმე გაეგრძელებინა. პირველი გამოფენის სივრცის საფასური, 350 ლარი, პირველი გაყიდული ნახატის თანხით გადაიხადა. აღმოჩნდა, რომ ნამუშევარი, მისმა უახლოესმა ადამიანმა შეიძინა, რაც მხატვრისთვის სიურპრიზი იყო და ამ სტიმულისთვის ძალიან მადლობელია.
მისი ხელოვნებით მოხიბლული ადამიანები ხშირად უკავშირდებოდნენ და მათი საყვარელი ადამიანების, ადგილების, ნივთების დახატვას ან მათთან ასოცირებული ემოციების ნამუშევრებში გადმოტანას სთხოვდნენ. დღეს მისი თითქმის ყველა ნახატი გაყიდულია. დარჩა მხოლოდ „ბროწეულები“, რომელიც გარდაცვლილი მამის მონატრებით შექმნა და მისთვის იმდენად ძვირფასია, რომ შემოთავაზებების მიუხედავად, თავისთვის დაიტოვა.
ამჟამად მისი გეგმები საკუთარ სახელოსნოს უკავშირდება, რომელიც სავარაუდოდ შემოდგომაზე გაიხსნება.
„დროთა განმავლობაში ჩემი ჰობი პროფესიად გადაიქცა, რომელსაც კარგი შემოსავალი მოჰქონდა. სწორედ ამან გადამაწყვეტინა, გამერისკა. სახლთან ახლოს ვიპოვე ფართი და იპოთეკით შევიძინე, იმ იმედით, რომ ჩემი ნამუშევრების რეალიზებით ვალდებულების გასტუმრებას და ბიზნესის განვითარებას მოვახერხებ. ამ ოცნების ახდენაში ძალიან დამეხმარა „ბაზისკაბნკი“. მათ იდეალური პირობები შემომთავაზეს, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ.
სახელოსნოში, გარდა იმისა, რომ ბევრი საინტერესო ნამუშევარი შეიქმნება, ვგეგმავ, რომ გავაკეთო სასწავლო კურსები, რომელიც ძირითადად არტ-რელაქსთან იქნება დაკავშირებული. დაინტერესებული ადამიანების ჯგუფებს, მინდა შევთავაზო მრავალფეროვანი კურსები, სხვადასხვა ტექნიკით ხატვა, მინანქარსა და კერამიკაზე მუშაობა, ძველი ნივთების აღდგენა და ა.შ, ამის პროგრამა უკვე გაწერილი მაქვს“, - აღნიშნავს მხატვარი.
მისთვის ყველაზე დიდი სტიმული ცხოვრებასა და საქმიანობაში შვილები არიან. როგორც თავად აღნიშნავს, რომ არა მეუღლისა და შვილების მხარდაჭერა, ბიზნესის დაწყების გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.
„რომ არა ჩემი ოჯახის მხარდაჭერა, მე ვერაფერს გავაკეთებდი. ვიცი, უბრალოდ დავხატავდი ახალ ნახატს, დავკიდებდი კედელზე და სულ ეს იქნებოდა. ის ენერგია და დრო, რაც მე თავის დროზე ჩემი შვილების აღზრდას დავუთმე, დღეს ნაყოფს იღებს. განსაკუთრებით მეხმარება ჩემი შვილი, რომელიც სამედიცინო სფეროშია და მალე თავის საქმეში ჩაერთვება, მაგრამ ყველანაირად ცდილობს ჩემ გვერდით იდგეს. უკვე ჩემზე მეტად ერკვევა ბევრ საკითხში. გემოვნებაც საკმაოდ დახვეწილი აქვს. მთელ ამ პროცესში მასში იმდენი ნიჭი აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ ამის გამოც ღირდა ამ საქმის დაწყება“, - აღნიშნა მაია ბატკუაშვილი-რობაქიძე.