თბილისსა და ბათუმში ბინების ფასი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდილია. როგორც სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, ზრდის ტენდენცია შესაძლოა შენელდეს, თუმცა ფასების კლება მოსალოდნელი არ არის.

Colliers Georgia-ს მიმოხილვის მიხედვით, ივნისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში - 1%-ით, ქალაქის ცენტრში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ბათუმს, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 983 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 23%-ით, 827 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ღირს თბილისსა და ბათუმში ყველაზე ძვირად ღირებული ახალაშენებული ბინების 1კვ.მ. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელიც ეყრდნობა ყიდვა-გაყიდვის სააგენტოებს და დეველოპერული კომპანიების შეთავაზებებს, თბილისში ყველაზე ძვირად ღირებული ბინები King David-ში და „აქსის თაუერსშია“.

ყველაზე ძვირად ღირებული ბინების ფასი თბილისში 1 კვ.მ-ზე, ასეთია:

„აქსის თაუერსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირზე) -  $4000-დან $6000-მდე.

King David (მ. ალექსიძის ქუჩა) - $3500-დან $5900-მდე.

Ocean Vake Park (ი.მოსეშვილის ქუჩა) - 4000 დოლარის ფარგლებში.

რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, აპარტამენტები ყველაზე ძვირი, შემდეგ ლოკაციებზეა: Kings Garden (მირზა შაფის ქუჩა) - 5000 დოლარიდან; „მთაწმინდა პანორამა“ (ტარიელის ქუჩა) - 4500 დოლარის ფარგლებში.

რაც შეეხება ბათუმს, ქვეყნის მეორე ყველაზე მოთხოვნად ქალაქს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის კუთხით, არც აქაა ძვირად ღირებული ბინების და აპარტამენტების სიმცირე. ამ მხრივ, ყველაზე მაღალი ფასი, „ჰილტონ აპარტამენტშია“, სადაც პენტჰაუსის ღირებულება 1 კვ.მ-ზე 17 000 დოლარია.

ყველაზე ძვირად ღირებული ბინების ფასი ბათუმში 1 კვ.მ-ზე, ასეთია:

„ჰილტონ აპარტამენეტი“ (რუსთაველის ქუჩა) - 4000 დოლარიდან, პენტჰაუსის შემთხვევაში 1 კვ.მ-ის ფასი 17 000 დოლარამდეა;

Le Méridien Batumi (ჟრენტის ქუჩა) - 6000 დოლარის ფარგლებში.

Alliance Privilege (რუსთაველის ქუჩა) - $3000-დან $5500-მდე.

PORT TOWER BATUMI (რუსთაველის ქუჩა) - $2500-დან $5000-მდე.

PALM APARTMENTS (ჟღენტის ქუჩა) - 4000 დოლარამდე.

რაც შეეხება ბინების ფასებს უბნების მიხედვით, დედაქალაქის ყველაზე ძვირად ღირებულ საცხოვრებელ უბნებად ისევ მთაწმინდა და ვაკე რჩება, ყველაზე იაფად კი, უძრავი ქონების შეძენა სამგორსა და გლდანშია შესაძლებელი. ბათუმის შემთხვევაში კი ტრადიციულად ყველაზე მაღალი ფასები სანაპირო ზოლში მდებარე აპარტამენტებს აქვთ.