საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობა კვლავ გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ „ჭოტიაშვილების საოჯახო მარნის“ თანადამფუძნებელმა კახა ჭოტიაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მეღვინეობა ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში, ამასთან აშშ-სა და პერიოდულად, აზიის ბაზრებზე ახორციელებს. 2026 წელს კი, კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ამერიკის ბაზარზე გაამახვილებს, სადაც ქართული ღვინის შესახებ ინფორმირებულობა ჯერ კიდევ დაბალია.
ჭოტიაშვილის განმარტებით, აშშ-სა და იაპონიაში მომხმარებლებს ხშირად არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია არც ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის და არც ქვევრის ტრადიციული ტექნოლოგიის შესახებ.
„ბევრი რაღაცის ახსნა მიწევს. კონკრეტულად ჩვენს ღვინოზე ნაკლებად ვსაუბრობ, უფრო ზოგადად ქართულ ღვინოზე. როცა იგებენ, რომ ამხელა ისტორია აქვს ქართულ მეღვინეობას და ვუყვები ქვევრის ტექნოლოგიასა და ღვინის კვებით ღირებულებაზე, დამოკიდებულება მკვეთრად იცვლება“, – აღნიშნავს კახა ჭოტიაშვილი.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავად მეღვინეობის სფეროში დამწყები არ ყოფილა და წარსულშიც მუშაობდა ღვინის ინდუსტრიაში, რეალობამ აჩვენა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის შესახებ ცოდნა იმაზე ნაკლებია, ვიდრე ელოდა.
„უფრო მეტი მეგონა, რომ იცოდნენ ქართულ ღვინოზე. თუმცა ისეთ ქვეყნებში, მაგალითად ამერიკაში და იაპონიაში, საფრანგეთთან და იტალიასთან შედარებით, ქართულ მეღვინეობაზე ბევრი ინფორმაცია არ აქვთ. რატომღაც მეგონა, რომ იცოდნენ, მაგრამ რეალურად ბევრი რამის ახსნა მიწევს“, – ამბობს ის.
ჭოტიაშვილის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ამერიკაში უშუალო ჩართულობამ შედეგი გამოიღო – გაიზარდა ინტერესიც და მოთხოვნაც, ხოლო ღვინოები მოხვდა ისეთ ქსელებში, სადაც ხარისხს მკაცრად, თუმცა ობიექტურად აფასებენ.
„ვხედავ უფრო მეტ დაინტერესებას, ბევრი კითხვა მოდის. მართალია, ეს მასშტაბურად ჯერ დიდი არ არის, მაგრამ პასუხისმგებლობას ვხედავ ქართული ღვინის მიმართ. ქვევრში დაყენებული, მცირე მეწარმეების ღვინო იაფი და მარტივი პროდუქტი ვერ იქნება. როცა ბაზარი გადაჭედილია სხვადასხვა ქვეყნის ღვინით, თუ არ იციან რასთან აქვთ საქმე, რთულია კონკურენცია. მოკლედ, მუშაობა უნდა“, – ამბობს მეღვინე.
მისი ინფორმაციით, კომპანია ახალი ბაზრების აქტიურ ძიებას ამ ეტაპზე არ გეგმავს და სტრატეგიას უკვე ათვისებულ ქვეყნებში პოზიციების გაძლიერებაზე აგებს. ჭოტიაშვილის თქმით, ბოლო წლებში აქცენტი კეთდება არა მსხვილ საერთაშორისო გამოფენებზე, არამედ ღვინის ფესტივალებსა და უშუალო შეხვედრებზე მომხმარებელთან.
„ფესტივალი ჩემთვის უფრო კომფორტულია, რადგან უფრო ახლო და უშუალო შეხება მაქვს მომხმარებელთან. ასევე ვატარებ მასტერკლასებს რესტორნებსა და ბარებში. 2026 წელს ამერიკის ბაზარს უფრო მეტ დროს დავუთმობთ, რადგან დავინახე, რომ იქ ქართულ ღვინოს ნაკლებად იცნობენ და საჭიროა მეტი ინფორმაციის მიწოდება როგორც ზოგადად ქართულ ღვინოზე, ისე ჩვენს პროდუქტზე“, – აცხადებს კახა ჭოტიაშვილი.
საოჯახო მარანი თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ სანიორეში მდებარეობს. კახა და უჩა ჭოტიაშვილებმა ვენახების გაშენება 2002 წელს დაიწყეს, ხოლო 2013 წელს მათი ოჯახური საქმიანობა მცირე, მაგრამ პერსპექტიულ კომპანიად – შპს „საწნახელად“ ჩამოყალიბდა. დღეს, მეღვინეობაში მუდმივად 12 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ოჯახის წევრები და თანასოფლელები. რთველის პერიოდში დამატებით 15-20 ადამიანი ერთვება სეზონურ სამუშაოებში.