ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში  ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ნაწილს რეფორმის დაწყებიდან დღემდე  არცერთხელ არ გაუვლია ტექინსპექტირება.

 


როგორც ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა,გიორგი შიოლაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, მძღოლების უმრავლესობას ტექინსპექტირების გავლას ჯარიმის გადახდა ურჩევნია.

 


„ჩვენ ბაზრის კველავა ჩავატარეთ დ სამწუხაროდ, ძალიან დიდია ისეთი ტრანსპორტის წილი,  რომელიც სარგებლობს იმით, რომ 50 ლარია ჯარიმა. მათი ნაწილი წლის განმავლობაში რამდენჯერმეა დაჯარიმეული. ეს იმაზე მეტყველებს,  რომ გარკვეული ტიპის ტრანსპორტი მხოლოდ ჯარიმის გადახდის ხარჯზე გადაადგილდება. დაფიქსირდა  შემთხვევები, როცა  20-ჯერ და მეტჯერ იყო დაჯარიმებული ავტობუსისა თუ  მიკროავტობუსის მძღოლი და რეფორმის დაწყებიდან ერთხელაც არ ჰქონდათ ტექინსპექტირება გავლილი.“-აღნიშნა გიორგი შიოლაშვილმა.

 


მისივე განმარტებით ივნისიდან, როცა ტექინსპექტირების წესების დარღვევის გამო ჯარიმები გამკაცრდება, არსებული ვითარება შედარებით გამოსწორდება.

 

ცნობისთვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ტექდათვალიერების გარეშე ავტომობილის მართვის გამო დაჯარიმებას ეხება, 2023 წლის 4 ივნისიდან ამოქმედდება.

 


თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ტექნიკურ ინსპექტირებაგაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი, ამ დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას: ფიზიკური პირი დაჯარიმდება 150 ლარით, იურიდიული პირი დაჯარიმდება 300 ლარით.

 


თუ პირი, განმეორებით დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ ისევ დაარღვევს წესს, ამ შემთხვევაში: ფიზიკური პირი დაჯარიმდება 300 ლარით; იურიდიული პირი – 500 ლარით.

 


თუ პირი 300 [ფიზიკური] ან 500 [იურიდიული] ლარით არის დაჯარიმებული და დაჯარიმებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ ისევ ჩაიდენს ანალოგიურ სამართალდარღვევას, ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარით; იურიდიული პირი კი – 700 ლარით.

 


business-partner.ge