წამყვანი საერთაშორისო სწრაფი კვების რესტორნების ფრანჩაიზების საქართველოში McDonald's Georgia-სა და Wendy's Georgia-ს ფინანსური მიმოხილვა FinSPOT-მა გამოაქვეყნა.
McDonald's Georgia-ს სრულმა შემოსავალმა 2021 წელს ₾139 მილიონი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 41%-იან ზრდას წარმოადგენს. FinSPOT-ის ინფორმაციით, Wendy's Georgia-ს შემოსავლები მნიშვნელოვნად ჩამორჩება კონკურენტი კომპანიის გაყიდვებს და 2021 წელს ₾32 მილიონი შეადგინა. Wendy's-ი კონკურენტს ასევე ჩამორჩება ზრდის ტემპით. 2019 წელთან შედარებით, ვენდისის შემოსავლები 24%-ით გაიზარდა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ McDonald's თავისი მარაგების ამოყიდვას ახერხებს სულ რაღაც 13 დღეში, Wendy's კი - 53 დღეში.
McDonald's Georgia-ს საერთო მოგებამ 2021 წელს ₾76 მილიონი შეადგინა, საერთო მოგების მარჟამ კი 56%. საოპერაციო ხარჯებმა ₾62 მილიონი შეადგინა, მისი წილი მთლიან შემოსავალში კი 45% იყო. კომპანიის წლიურმა წმინდა მოგებამ ₾18 მილიონი შეადგინა, რაც 13%-იან მოგების მარჟაზე მიუთითებს. 2021 წელს კომპანია პირველად გავიდა მოგებაზე 2018 წლის შემდეგ.
Wendy's Georgia-ს საერთო მოგებამ 2021 წელს ₾17 მილიონი შეადგინა, საერთო მოგების მარჟამ კი 53%. კომპანიის საოპერაციო ხარჯებმა ₾17 მილიონი შეადგინა, მისი წილი მთლიან შემოსავალში კი 52% იყო. წლიურმა წმინდა მოგებამ ₾112 ათასი ლარი შეადგინა, რაც 0.3%-იან მოგების მარჟაზე მიუთითებს. გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, 2021 წელს კომპანია პირველად გავიდა მოგებაზე.
„ჩვენი ანალიზიდან გამომდინარე, ცალსახა ხდება, რომ საერთაშორისო წამყვანი ბრენდის შემოტანა გარანტირებულ წარმატებას არ უდრის. ნებისმიერ შემთხვევაში, ფრანჩაიზინგით მოგებაზე გასვლა საკმაოდ გრძელვადიანი ინვესტიციაა.
ფრანჩაიზინგით ობიექტის გახსნა დაკავშირებულია არა მხოლოდ დიდ საწყის კაპიტალთან, არამედ მომდევნო წლებში ინვესტიციების გაგრძელებით გაფართოების მიზნით. შესაბამისად, მსგავს კომპანიებს, როგორც წესი, მაღალი leverage აქვთ. ეს იკვეთება მაკდონალდის და ვენდისის შემთხვევებშიც“, - აღნიშნავენ FinSpOT-ში.
McDonald's Georgia-ს პირველი რესტორანი საქართველოში 1999 წელს გაიხსნა. კომპანიამ 2010 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, დამფუძნებლებზე გასცა ₾16 მილიონი დივიდენდების სახით.
Wendy's Georgia-მ პირველი რესტორანი საქართველოში 2013 წელს გახსნა და წლების განმავლობაში სესხზე მომსახურების პრობლემის წინაშე იდგა. ვინაიდან კომპანია მუდმივად ზარალზე მუშაობს და დიდი სესხის მომსახურება უწევს, დივიდენდების გაცემის საშუალება არ ჰქონია. FinSPORT-ის ანალიზის მიხედვით, კომპანიის სესხები აღემატება მთლიან აქტივებს. საკმარისი cash flow-ს გენერირებას კი ვერ ახერხებს. პრეპანდემიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო საგანგაშო იყო და ბიზნესის გაგრძელების საფრთხე უფრო აშკარად იდგა, რომ არა 2021 წელს OPIC-ის მიმართ ₾53 მილიონიანი სესხის მთლიანად გაუქმება $3.5 მილიონის გადახდის სანაცვლოდ, კომპანიის ოპერირება სერიოზულ ეჭვქვეშ დადგებოდა.