"სუპერმარკეტების ქსელების განვითარება საქართველოში ძალიან მაღალი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობს. ამ მასშტაბის კონკურენცია ბევრი ევროპული ქვეყნისა და ეკონომიკისთვის არ არის დამახასიათებელი", - ამის შესახებ რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ხაბაშვილმა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.

"თუ შევხედავთ, მაგალითად, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის ბაზარს, შეერთებული შტატების ბაზარს - იქ გაცილებით უფრო მაღალი წილები აქვთ დიდ მოთამაშეებს, ვიდრე საქართველოში. საერთო სამომხმარებლო ბაზარში ყველა სუპერმარკეტს ერთად აღებულს 40%-იანი წილი აქვს ჯერჯერობით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და განვითარდება, იმიტომ რომ ეს მომხმარებელზე მორგებული პროცესია მიდის.

დღესდღეობით განვითარების პროცესი ძირითადად მიმდინარეობს რეგიონებში და რეგიონებში განვითარება რას იძლევა? - პირველი, რომ უფრო ხელმისაწვდომი ხდება სახლთან ახლოს პროდუქტი მომხმარებლისთვის და კიდევ ძალიან ბევრი პარამეტრია პოზიტიური მომხმარებლისთვის. ამიტომ რეგიონებში მიდის ძალიან აქტიური განვითარება და იმედია, რომ ეს კიდევ უფრო გაძლიერდება.

ბაზრის მხოლოდ 40% რომ უჭირავთ სუპერმარკეტებს, ეს ერთი ნაწილია, მეორეა, რომ ამ სუპერმარკეტებს შიგნითაც არის ძალიან აქტიური, ძალიან დიდი კონკურენციაა. ათზე მეტია ისეთი კომპანია, რომლებსაც არსებითი, ხელშესახები წილი უჭირავთ", - ამბობს ხაბაშვილი.

კითხვაზე, მაღალი კონკურენციის პირობებში, რამდენად ჯანსაღია ეს კონკურენტული გარემო, რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ გარემო ჯანსაღია და ამას არაერთი უწყების კვლევა ადასტურებს.

"მე ჩემს მოსაზრებად, ჩემი დაკვირვებაზე დამყარებით გეტყვით, რომ ჯანსაღი კონკურენტული გარემო ნარჩუნდება, ყველა შემთხვევაში. მაგრამ ასევე მოვიშველიებ სულ ახლახან კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას, სადაც ეწერა, რომ FMCG ბაზარში, სუპერმარკეტების ჯამური წილი არ არის მაღალი, და რომ ამ სუპერმარკეტების ქსელების შიგნით არის ძალიან მაღალი კონკურენცია.

მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ არის ძალიან მაღალი კონკურენცია, იმიტომ რომ არის ბევრი მოთამაშე ასე ვთქვათ და ბაზარზე დიდი კონცენტრაცია არ შეინიშნება. კიდევ ერთხელ, რომ შევადაროთ საერთაშორისო მაგალითებს, ისინი აჩვენებს, რომ გაცილებით, ორჯერ-სამჯერ უფრო მაღალია კონცენტრაციები თვითონ აი ამ სუპერმარკეტების ქსელების შიგნითაც", - ამბობს გიორგი ხაბაშვილი.

Galt & Taggart-ის თანახმად, 2025 წლის 9 თვის მდგომარეობით სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო საქონლის (FMCG) ბაზარი საქართველოში, წლიურად 10%-ით 17.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. აქედან, ბრენდული ქსელების შემოსავალმა 7.5 მილიარდი ლარი შეადგინა (ბაზრის 41.8%), რაც წლიურად 11.6%-იანი ზრდაა. ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო არსებული მაღაზიების გაყიდვების ზრდით და რეგიონალური ექსპანსიით. ამასთან, სხვა სავაჭრო ფორმატების შემოსავლები წლიურად 8.9%-ით გაიზარდა.

კომპანიებს შორის საბაზრო წილით პირველ ადგილს "დეილი ჯგუფი" იკავებს, რომლის ბრენდებიც მოიცავს "დეილის", "სპარს", "კალათას", "მაგნიტს", "გვირილას" და "იოლს". აღნიშნული ჯგუფი გასულ წელს შემდგარი გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა. აღნიშნული ჯგუფის შემოსავალი ბაზრის ორგანიზებული სეგმენტის 29.1%-ს შეადგენს. მეორე პოზიციას 18.1%-ით "ორი ნაბიჯი" იკავებს, ხოლო მესამე პოზიციაზე კი "ნიკორაა"16.3%-ით.

bm.ge