უკვე გაშენებული ბაღების გათვალისწინებით, Galt&Taggart-ის შეფასებით, ლურჯი მოცვის წარმოება 25 მლნ კგ-ს მიაღწევს 2027 წლისთვის.
„2022 წელს საქართველოში მოცვის ადგილობრივმა მოხმარებამ 0.9 მლნ კგ შეადგინა (0.2 კგ ერთ სულზე). ჩვენ ველოდებით ადგილობრივი მოხმარების ზრდას 2.0 მლნ კგ-მდე 2027 წლისთვის, პოპულარიზაციის და შემოსავლების ზრდის პარალელურად. შესაბამისად, საქართველოს ექნება მოცვის დაახლოებით 20 მლნ კგ-ის საექსპორტო პოტენციალი 2027 წლისთვის“, - ნათქვამია კვლევაში Galt&Taggart-ის კვლევაში.
საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ივნის-ივლისში რუსეთში მოცვის იმპორტი 14.4 მლნ კგ-ს მიაღწევს 2027 წლისთვის (3.9 მლნ კგ იყო 2022 წელს), არსებული მოხმარების ტენდენციების გათვალისწინებით. ამ დროისთვის საქართველოს საწარმოო პოტენციალი 25 მლნ კგ-ს მიაღწევს, რაც ახალი ბაზრების მოძიების საჭიროებაზე მიუთითებს. ევროკავშირის ქვეყნები მიმზიდველი ბაზრებია საქართველოსთვის, ივნის-ივლისში ყველაზე მაღალი მოთხოვნა არის გერმანიაში, ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში.
საქართველოში მოცვის ბაღები ჰექტარზე 14.5 ტონა მოსავალს იძლევა, რაც ქვეყანას გლობალურად მე-7 ადგილზე აყენებს. Galt & Taggart-ში აცხადებენ, რომ არსებული ბაღების სრულ მსხმოიარობაში შესვლის გათვალისწინებით, მათი პროგნოზით, 2027 წლისთვის ლურჯი მოცვის წარმოება 25 მლნ კგ-მდე გაიზრდება (2023 წლის 4 მლნ კგ-დან).
საქართველომ ლურჯი მოცვის წარმოება 2019 წლიდან დაიწყო სახელმწიფოს და დონორების მხრიდან ამ დარგის მიმართ გაზრდილი მხარდაჭერის დამსახურებით. საქართველოში ლურჯი მოცვით გაშენებული ბაღების ჯამურმა ფართობმა 2,000 ჰა-ს გადააჭარბა 2022 წლის ბოლოსთვის. შედეგად, მოსავალი 8.5-ჯერ გაიზარდა 2019-23 წლებში 0.5 მლნ კგ-დან 4.0 მლნ კგ-მდე.