"ლიფტებში საბარათე სისტემის მქონე აპარატების ინსტალაციაზე მოთხოვნა წინა წლებთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა,"- ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" კომპანია Lift Comfort Georgia-ს დამფუძნებელმა, დავით შაშიაშვილმა განუცხადა.

კომპანია Lift Comfort Georgia ახალი თაობის ლიფტების იმპორტსა და საბარათე სისტემის მქონე აპარატების მონტაჟს უზრუნველყოფს.

შაშიაშვილის ინფორმაციით,  ყველაზე აქტიური, საბარათე სისტემის აპარატების ინსტალაციის კუთხით, ისანი-სამგორის რაიონია, ხოლო მათი მომსახურებით ყველაზე ხშირად, სამშენებლო კომპანიები არიან დაინტერესებული, რომლებსაც ახალ აშენებულ კორპუსებში ლიფტების მონტაჟი სურთ.

"ლიფტებისა და საბარათე სისტემის აპარატების იმპორტს ძირითადად ჩინეთიდან და თურქეთიდან ვახორციელებთ, მაგრამ სურვილის შემთხვევაში  პროდუქციის შემოტანა ევროპის ქვეყნებიდანაც ხდება. ევროპულ პროდუქტზე ფასი შედარებით მაღალია და მომხმარებლის სურვილსა და შესაძლებლობაზეა დამოკიდებული.

საშუალოდ, 9 სართულიანი კორპუსისთვის ლიფტის ჩამოტანა, რომელიც მინიმუმ 4 ადამიანს იტევს, ტრანსპორტირებითა და  სრული სერვისის მიღებით, დაახლოებით 20 000 - დან 25 000 დოლარამდე მერყეობს. ხოლო, ძველი ლიფტების აღდგენა დაახლოებით 15 000 ლარამდე ჯდება და სამგზავრო ტარიფების დადგენა, მომხმარებლებთან ერთად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დგება,"- აცხადებს შაშიაშვილი.

რაც შეეხება მასშტაბს, კომპანია გარდა დედაქალაქისა რეგიონებშიც ოპერირებს. ამ ეტაპზე ბოლნისის რეგიონშია წარმოდგენილი და პარალელურ რეჟიმში მოლაპარაკებები კახეთთან მიმდინარეობს, რომ ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლება მოხდეს. ახალი ლიფტების ჩანაცვლების ფინანსური მხარდაჭერა (თანადაფინანსება)  კი მერიამ უნდა უზრუნველყოს.

მისივე ცნობით, გარდა ლიფტებისა და საბარათე სისტემის მქონე აპარატების იმპორტისა, კომპანიას 24 საათიანი მომსახურების სერვისიც აქვს, რომელიც ლიფტთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ეს იქნება ე.წ. ლიფტის გაჭედვა თუ ლიფტისთვის რაიმე დეტალის დაზიანება, მის აღმოფხვრასაც უზრუნველყოფს.

შაშიაშვილის ვარაუდით, სამომავლოდ, ხურდის ჩასაყრელი აპარატების საბარათე სისტემის მქონე აპარატებით სრულად ჩანაცვლება მოხდება.

ცნობისთვის, კომპანია Lift Comfort Georgia ბაზარზე 10 წელია ოპერირებს და ბოლო 5 წელია მათი მიმართულება საბარათე სისტემის მქონე აპარატების დამონტაჟება და უახლესი მოდელის ლიფტების იმპორტია.  ამ ეტაპზე საბარატე სისტემის აპარატებში ანგარიშსწორება საქართველოს ბანკისა და სამგზავრო პლასტიკური ბარათის მეშვეობით ხდება, თუმცა უახლოეს მომავალში თიბისი ბანკის ბარათითაც იქნება შესაძლებელი ანგარიშსწორება.

bp.ge