კახეთში, ლაგოდეხის ნაკრძალში კურორტი „ლაგოდეხის ნაკრძალი“ - Reserve Resort Lagodekhi 2023 წლის მარტში გაიხსნა. 1 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსებულია 26 კოტეჯი, რესტორანი, ბარი და 2 საცურაო აუზი. როგორც სასტუმროს მთავარი მენეჯერი დავით ბერიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, სასტუმრო კომპლექსის პირველადი ინვესტიცია 5 მლნ. ლარი იყო, თუმცა კომპლექსის განვითარება უწყვეტად გრძელდება. მისი თქმით, სასტუმროს მთავარი უპირატესობები ადგილმდებარეობა და კახეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღია საცურაო აუზია.

„დასასვენებელი კომპლექსის უმთავრესი უპირატესობა მისი ადგილმდებარეობაა. კურორტი „ლაგოდეხის ნაკრძალი“ სოფელ ხიზაბავრასა და გურგენიანის შესასვლელთან მდებარეობს. აქედან იწყება ნინოსხევის ჩანჩქერისკენ საფეხმავლო ლაშქრობისთვის განკუთვნილი ბილიკიც. სწორედ ამიტომ, აქ ხშირად ვმასპინძლობთ ჰაიკინგის მოყვარულებს. სასტუმრო კომპლექსი გამორჩეულია იმით, რომ აერთიანებს კოტეჯის სახის 26 განთავსების ობიექტს. ტერიტორიაზე ფუნქციონირებს: რესტორანი, ბარი, საბავშვო აუზი და კახეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღია საცურაო აუზი. გარდა ამისა, კურორტს უნიკალურს მისი მდებარეობაც ხდის, რადგან ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან დაახლოებით 20 მეტრშია“, - აცხადებს დავით ბერიძე.

სასტუმროს აქვს 12 ორ და 14 ოთხადგილიანი კოტეჯი. საერთო ჯამში, „ლაგოდეხის ნაკრძალს“ 110 სტუმრის მასპინძლობა შეუძლია.

დავით ბერიძის თქმით, ივლისი-აგვისტოში დატვირთულობა საკმაოდ მაღალია. დამსვენებლის უდიდესი ნაწილი ქართველია, თუმცა, ჰყავთ ვიზიტორები ევროპის ქვეყნებიდანაც. რაც შეეხება ფასებს, 2-ადგილიანი კოტეჯის ღირებულება საუზმით 250 ლარია, 4-ადგილიანის - 400 ლარი.