საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით თითქმის 5%-ით გაუფასურდა. ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 40%-ით შემცირდა. მსხვილი ბიზნესი ამბობს, რომ ინვესტორები დაკვირვების რეჟიმში არიან და ახალი პროექტების დაწყება გაურკვეველი ვადით გადაიდო. მცირე ბიზნესის ნაწილმა გაფიცვა გამოაცხადა, 100-ზე მეტი მეწარმე საახალწლო ბაზრობაში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
ამ ფონზე, BDO Georgia-ს მმართველი პარტნიორი, ზურაბ ლალაზაშვილი „კომერსანტთან“ ადასტურებს, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონი და პოლიტიკური კრიზისი ბიზნესგარემოზე უკვე აისახა.
ლალაზაშვილი სიტუაციიდან გამოსავლის გზას რიგგარეშე არჩევნებში ხედავს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ არჩევნების თავიდან ჩატარება, არამედ გარანტიებიც, რომ პროცესი გამჭვირვალე იქნება.
,,ბუნებრივია ყველა ბიზნესმენის სახელით ვერ ვისაუბრებ, მხოლოდ იმ ხალხის სახელით ვლაპარაკობ, ვისთანაც კომუნიკაცია გვქონდა. ბევრ მათგანს ეს უკვე დაეტყო, ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში განსაკუთრებით შემცირდა მოთხოვნა: გაუქმდა ჯავშნები, გაყიდვები აღარ არის, ტრანზაქციები აღარ ხდება და ასე შემდეგ. სხვებიც საუბრობენ იმაზე, რომ ძალიან დიდი გაურკვევლობა იქნება მომავალში. თუ ბიზნესმა არ იცის, მომავალში რა იქნება, ძალიან რთული გახდება დაგეგმარება, მით უმეტეს ახლა წლის ბოლოა, ყველა წლის დაგეგმვაზეა გადასული.
სიტუაციიდან გამოსასვლელ გზებზე მე მაქვს ჩემი პოზიცია - როცა ქვეყანაში კრიზისია, ეს დემოკრატიული ქვეყნების კრიზისს ეხება, აქედან გამოსვლის ერთადერთი ცივილური ფორმა არის არჩევნები. ის მუხტი, რაც ახლა არსებობს და ქუჩაშია, არ არის მხოლოდ ერთი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ეს დაგროვებული ბრაზი და უკმაყოფილებაა წლების განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად. თუ ეს გადავადდება, მუხტი გაძლიერდება და ჩვენ მივიღებთ არამყარ, მერყევ გარემოს იმისთვის, რათა საზოგადოებამ თუ ბიზნესმა განჭვრიტოს თავიანთი მომავალი. მიუხედავად იმისა, ვინ აღიარებს თუ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ამ სიტუაციას განმუხტვა სჭირდება, რისი ცივილური ფორმაც არჩევნებია. ამ არჩევნებზე ისეთი გარემო უნდა იყოს შექმნილი, რომ ყველა მხარე დარწმუნდეს, პროცესი იქნება გამჭვირვალე და ხალხი გამოხატავს თავისუფალ ნებას; მიღებული შედეგების აღიარება კი ყველა მხრიდან მოხდება“,- ამბობს ლალაზაშვილი.
BDO Georgia-ს მმართველი პარტნიორი ბიზნესს აქტიურობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ჩვეულ სამუშაო რეჟიმთან დაბრუნება სწორედ დაინტერესებული მხარეების ჩართულობითაა შესაძლებელი.
„თუ პროცესი ამ მიმართულებით წავა, სტაბილურობას შეიძენს ბიზნესი და ნელ-ნელა დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს. ერთ-ერთი, ვინც გარდამავალ ეტაპზე პროცესში უნდა იყოს ჩართული ბიზნესია, როგორ მხარე და დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელი. სწორედ ბიზნესის აქტიურობით შეიძლება ეკონომიკა გაიზარდოს და უკეთესი ცხოვრება დადგეს. მათი ხმა უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუ ინტერესთა ჯგუფები არსებობენ, მათი მხრიდან პასიურობა ძალიან ცუდია, თუ ჩვენ გვინდა, სტაბილური გარემო მივიღოთ, სადაც რაღაცის კეთებას და დაგეგმარებას აზრი აქვს“,- აღნიშნა BDO Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ ლალაზაშვილმა.