თბილისის თავისუფალი ზონის (თიზი) მმართველი პარტნიორი სოსო ნიბლაძე კრიპტომაინინგსა და მონაცემთა (Data) ცენტრებს შორის არსებულ ფუნდამენტურ განსხვავებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მაღალი ენერგომოხმარების მიუხედავად, თანამედროვე ტექნოლოგიური ჰაბების მოზიდვა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში საზოგადოებრივ დისკუსიაში ხშირად ისმის კითხვები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში განთავსებული ობიექტების შესახებ. ენერგეტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ აღნიშნული ცენტრები ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარენ, თუმცა ქვეყნის ეკონომიკაში მათი წვლილი ბუნდოვანია. სოსო ნიბლაძე ამ მიდგომას არაპროფესიონალურს უწოდებს და განმარტავს, რომ მაინინგი და მონაცემთა ცენტრები სრულიად განსხვავებული კონცეფციაა.
მისი თქმით, საქართველოში კრიპტომაინინგის ბიზნესმა აქტუალობა დაკარგა, რაც პირდაპირ კავშირშია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდასა და გლობალურ ბაზარზე არსებულ ვითარებასთან.
„კრიპტომაინინგი ამ ქვეყანაში აღარ არსებობს, ამ წლიდან წარმოუდგენელია ვინმეს ჰქონდეს და ვინმე ამუშავებდეს. ჩვენთან, ამ ეტაპისთვის, კრიპტომაინინგი საერთოდ არ არის ოპერირებადი. მაინინგის მიმართულებაზე გეტყვით, რომ კრიპტო-მიმართულება მსოფლიოში ყველგან დაცემულია და საქართველოშიც აღარ აქვს არანაირი პერსპექტივა, რადგან დენის ფასი გაზრდილია. ეს თემა საერთოდ ჩახურულია, აზრი არ აქვს ამაზე საუბარს“, - აცხადებს ნიბლაძე BMG-სთან.
მისივე განმარტებით, თუნდაც ის სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ბიტკოინის წარმოებაზე დახარჯულ ენერგიას ეხება, დღეს უკვე მოძველებულია, რადგან ტექნოლოგიური კომპანიების ინტერესი ამ მიმართულებით მინიმუმამდეა დაყვანილი.
თბილისის თავისუფალი ზონის მმართველი პარტნიორი აქცენტს აკეთებს მონაცემთა ცენტრებზე, რომლებიც საერთაშორისო გიგანტებს, მათ შორის Amazon-ს, Nvidia-სა და TikTok-ს ემსახურებიან. ნიბლაძის თქმით, ასეთი პროექტების მოზიდვა ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის პრიორიტეტია.
„დატა ცენტრი სულ სხვა კონცეფციაა. ეს არის საერთაშორისო სერვერები, რომლებიც მრავალი წამყვანი ეკონომიკის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. პირიქით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც წამყვანი ქვეყნები - აშშ, ისრაელი, ევროპის ქვეყნები - ცდილობენ, რომ განავითარონ. მათი მოზიდვა დიდი მიღწევაა. თუ დატა ცენტრი, მნიშვნელოვანი პროექტი შედის ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ ინვესტორი ამ ქვეყანას სანდოობითა და სტაბილურობით უყურებს. ეს უნდა იყოს გზამკვლევი სხვა ინვესტიციებისთვისაც“, - განმარტავს სოსო ნიბლაძე.
იმ არგუმენტის საპასუხოდ, რომ ტექნოლოგიური ცენტრები ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ნიბლაძე პარალელს ტრადიციულ მრეწველობასთან ავლებს. მისი თქმით, ენერგიის მოხმარება ქვეყნის სიძლიერის ნიშანია და არა პრობლემა.
„თუ არ გვინდა კომპანიები, რომლებიც დენს მოიხმარენ, მაშინ გავაუქმოთ სასუქების წარმოება, მეტალურგია, რკინის ბიზნესი და ვიქნებით ეკონომიკის გარეშე. პირიქით, ეს არის მწვანე ეკონომიკა, ეს არის თანამედროვე ტექნოლოგია. ზოგადად, ელექტროენერგიის მოხმარება რაც უფრო მეტია, ეს მიუთითებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და სტაბილურობაზე. თუ მოხმარება არ იქნა, ესე იგი ქვეყანას ეკონომიკურად საქმე კარგად არ აქვს“, - აღნიშნავს ის.
ამასთან, სოსო ნიბლაძე აცხადებს, რომ თბილისის თავისუფალი ზონის აქტიური ინტერესი სწორედ მსხვილი ტექნოლოგიური ჰაბების მოზიდვაა და ამ მიმართულებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
„ჩვენი აქტიური ინტერესი არის მოვიზიდოთ დატა ცენტრები და ამ მიმართულებაზე ვმუშაობთ. საუბარი გვაქვს რამდენიმე კომპანიასთან, რომ შემოვიყვანოთ და მათ პირიქით, მაქსიმალურად შევუქმნათ სასათბურე პირობები. ამ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ინვესტორების სელექცია აკეთოს, მით უმეტეს, როცა საუბარია თანამედროვე სერვის ჰაბების შექმნაზე. საქართველო უნდა პოზიციონირებდეს როგორც რეგიონული სერვის ჰაბი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უცხოური კომპანიების დასაინტერესებლად“, - აცხადებს სოსო ნიბლაძე.
ვრცლად: bm.ge