ბიზნესფედერაცია "ქალები მომავლისთვის" განცხადებას ავრცელებს. ბიზნესფედერაციაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს სოციალური, ეკონომიკური განვითარებისა და უწყვეტი დემოკრატიისკენ სვლისთვის დასავლური ინტერგაცია აუცილებელია. "ქალები მომავლისთვის" მოუწოდებენ კონსტიტუციურ ორგანოებს, იხელმძღვანელონ კონსტიტუციის 78-ე მუხლით და მიიღონ ყველა ზომა ქვეყნის ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
,,ჩვენ ბიზნესფედერაციის “ქალები მომავლისთვის” წევრები, ვიყავით, ვართ და ვიქნებით საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ერთგული მხარდამჭერნი.
ჩვენ, როგორც ბიზნესფედერაციას, რომელიც საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტ მსხვილ, საშუალო და მცირე კომპანიას აერთიანებს, მიგვაჩნია, რომ შეუქცევადია ჩვენი ქვეყნის სწრაფვა დასავლეთისა და დასავლური ღირებულებებისკენ; სწორედ ეს არის გზა საქართველოს სოციალური, ეკონომიკური განვითარებისა და უწყვეტი დემოკრატიისკენ.
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის უპირველესი ინტერესია. საქართველოს მოსახლეობამ დიდი ხანია აირჩია პროდასავლური კურსი და მრავალი ქმედითი ნაბიჯიც გადადგა ამ არჩევანის მიმართულებით. თითოეული ჩვენთაგანის მთავარი ინტერესი და მიზანი უნდა იყოს საქართველოს დასავლური მომავალი და ამ მიზნის ლოგიკური დასასრული - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება!
აქედან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვიხელმძღვანელოთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით, რომლის თანახმადაც კონსტიტუციური ორგანოები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.’’- წერია განცხადებაში.