„IDS ბორჯომი საქართველოს“ პრეზიდენტის ლევან ბაღდავაძის განცხადებით, უმჯობესი იქნება, თუ რეგულაციები უფრო დაიხვეწება და სხვადასხვა ბიზნესს ხელი არ შეეშლება იმაში, რომ დროულად აწარმოოს თავისი საქმიანობა.
როგორც ლევან ბაღდავაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ხანდახან ნებართვების მიღება ჭიანურდება, რაც ბიზნესს ყოველთვის აწუხებს.
“მე როგორც ბიზნეს ასოციაციის ბორდის წევრს მიმაჩნია, რომ ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ბიზნეს ასოციაციისთვის და მასში შემავალი კომპანიებისთვის. მოგეხსენებათ, ასოციაციაში კომპანიების 75% არის წარმოდგენილი. თითოეული მათგანის ბიზნესის განვითარების ხედვა მოყვანილია არა მარტო გამოკითხვაში, რაც დღეს წარმოდგენილი იყო, არამედ ეს ინფორმაციაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ბიზნესისთვის, არამედ მთავრობისთვისაც იმისთვის, რომ მათ გაიგონ, რა ხდება ბიზნესთან მიმართებით-თუ რა დახმარება სჭირდება ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან და ასევე, სახელმწიფოს ბიზნესის მხრიდან, ეს არის ორმხრივი ურთიერთობის შედეგი. განხილვაც იმას ემსახურება, რომ სახელმწიფოსა და ბიზნეს შორს ჯანსაღი ურთიერთობა გაგრძელდეს. მე წარმოვადგენ სფეროს, სადაც ყველაფერი ლიცენზიების შესაბამისად არის განსაზღვრული. მე ვარ მინერალური წყლის ბიზნესში და იქ თავიდანვე განსაზღვრული ლიცენზიებით ვმუშაობთ და ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული სტრუქტურებია.
ზოგადად, კარგი იქნება, თუ რეგულაციები უფრო დაიხვეწება და დიდი ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველა ის რეგულაცია, რაც არ შეუშლით მათ ხელს, რომ დროულად აწარმოონ თავისი ბიზნეს საქმიანობა. არის ხოლმე შეფერხებები, ხანდახან ნებართვების მიღება ჭიანურდება, ეს ისეთი თემაა, რომელიც თითოეულ ბიზნეს სტრუქტურას ყოველთვის აწუხებს. იმედია, ასეთი შეხვედრები მეტ სიცხადეს შეიტანს სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობებში”,-განაცხადა ლევან ბაღდავაძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ვითარება შეაფასეს და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.