კომპანია „ალტერრა“, რომელიც სომხეთში მეღვინეობა Noah of Areni (NOA)-თი არის ცნობილი, ერთ-ერთი უძველესი და ავტორიტეტული ევროპული ღვინის კომპანიის ნაწილია. St. Jakobskellerei Schuler & Cie AG Schwyz 1694 წელს შვეიცარიაში დაარსდა და სომხეთში მისი ვენახები მდებარეობს სომხური მეღვინეობის გულში — ვაიოცძორის რეგიონში, სოფელ რინდსა და აგავაძორში, ზღვის დონიდან 1200–1400 მეტრის სიმაღლეზე.
ვენახების საერთო ფართობი დაახლოებით 100 ჰექტარს მოიცავს, სადაც მოჰყავთ ენდემური ჯიშები: არენი, ზოსეხატ ტოზოტი, ხათუნი, მილაგი, ჯრჯრუკ სპიტაკ არენი, ჩილარი და სხვა. კომპანია ეტაპობრივად გადადის ორგანულ/ბიო მევენახეობაზე, ხოლო ორგანული სერტიფიკატის მიღება დაგეგმილი აქვს 2026 წელს.
Noa of Areni საერთაშორისო კონკურსზე IWSC in Georgiaუკვე მეორედ მონაწილეობს და გამარჯვებულებს შორის თამამად დაიკავა ღირსეული ადგილი. 2024 წელს კომპანიამ 1 ოქრო და 1 ბრინჯაო მიიღო. განსაკუთრებული გამოდგა კომპანიისთვის წლევანდელი კონკურსი: Noah of Areni-მ 1 ოქრო და 4 ვერცხლი დაიმსახურა. აღსანიშნავია, ისიც, რომ წლევანდელ წელს კომპანიამ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია და IWSC-სგან ტროფიც მიიღო.
კონკურსში ფენომენალური მიღწევების შემდეგ, ინტერვიუ ვთხოვეთ ამ წარმატების ერთ-ერთ მთავარ სულისჩამდგმელს, Noah of Areni-ს მეღვინეს პაველ ვართანიანს.
„მე ვარ მეღვინე პაველ ვართანიანი, რომლისთვისაც ღვინო მხოლოდ უბრალოდ პროფესია კი არა, გააზრებული ცხოვრების გზაა. ჩემი საქმისადმი სიყვარული ვლინდება მუშაობის თითოეულ ეტაპზე - ვენახიდან ბოთლამდე. მეღვინეობაში წვრილმანები არ არსებობს: თითოეული გადაწყვეტილება გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზე, ხოლო დეტალებზე ყურადღება სწორედ იმ ხასიათს ჰქმნის, რომელიც ღვინოს განსხვავებულს ხდის.
ჩემი ფილოსოფია მუდმივი ძიება და განვითარებაა. არ მეშინია ექსპერიმენტების, ჩვეული სტილების და ტექნოლოგიების ჩარჩოებიდან გასვლის, რადგან ყოველი ახალი მცდელობა და ექსპერიმენტი უფრო მეტად უწყობს ხელს ყურძნის, ტერუარის და დროის უფრო ღრმად გამოვლენას და მის უნიკალურობას. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა გამეორება, არამედ საკუთარი იდენტობის მქონე ღვინოების შექმნა.
ღვინოს ვუყურებ, როგორც ცოცხალ ორგანიზმს. მარანში გატარებული ყოველი დღე დიალოგია ყურძენთან, მიწასთან და დროსთან. მე ვენდობი ინტუიციას, თუმცა ყოველთვის ვეყრდნობი ცოდნას და პროცესის მკაცრ კონტროლს. ღვინოსთან გულწრფელობა და პატიოსანი დამოკიდებულება ჩემთვის პრინციპულია.
მე ვქმნი ღვინოებს, რომლებსაც არამხოლოდ სვამენ, არამედ მასთან ერთად დროს ატარებენ. თითოეულ ჭიქაში არის ემოცია, ისტორია და ხასიათი: მიწის, წლისა და იმ ადამიანების, ვინც ამ ღვინის უკან დგას. მე მჯერა, რომ ღვინო ხელოვნებაა, გამოცდილება და ცოცხალი ისტორიაა, რომელიც მიწის სიყვარულიდან, შრომისა და განვითარების მუდმივი სწრაფვიდან იბადება“, - ამბოობს პაველ ვართანიანი.
პაველ გილოცავთ წარმატებას. ძალზედ შთამბეჭდავი შედეგებია. მოკლედ რომ წარმოგვიდგინოთ თქვენი კომპანია, რა არის ის მთავარი მამოძრავებელი მუხტი, რაც უნიკალურ ღირებულ შეთავაზებას ქმნის?
დიდი მადლობა. წარმატებული წელი იყო ჩვენთვის IWSC in Georgia-ზე. ორი სიტყვით ჩვენ კომპანიაზე: ჩვენ ვაერთიანებთ შვეიცარიელი ოსტატების მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას სომხური ტერუარის უნიკალურობასთან.
საკუთარი თანამედროვე საწარმო, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ჩვენი მეღვინეების პროფესიონალიზმი და მათი დახვეწილი ინტუიცია - ყველაფერი ეს ერთად, საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ ღვინოები, რომლებიც ჰარმონიულად აერთიანებს ევროპულ ინოვაციებსა და სომხურ ტრადიციებს.
რას ეფუძნებოდა თქვენი გადაწყვეტილება, რომ უკვე მეორედ მიგეღოთ მონაწილეობა კონკურსში IWSC Wine and Spirits Judging in Georgia?
ჩვენ კონკურსში მონაწილეობა მივიღეთ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი პროფესიული შეფასება. ჩვენი თვითმიზანი არ არის მედლების კოლექციის შეგროვება. ჩვენთვის IWSC-ის კონკურსი არის შერჩეული სტილის, ტექნოლოგიისა და ყურძენთან მუშაობის ხარისხის შემოწმება. გარდა ამისა, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი ღვინოები საერთაშორისო დონეს შევადაროთ და გავიგოთ, რამდენდ სწორი მიმართულებით ვვითარდებით.
კონკურსი დასრულდა, როგორ შეაფასებდით მას და თქვენი მონაწილეობის შედეგს?
ჩვენი შედეგები უაღრესად დადებითად შემიძლია შევაფასო. ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ოქროს მედლის მიღება სტაბილურობის დასტურია და არა შემთხვევითი წარმატების შედეგი, რაც ჩემთვის, როგორც მეღვინისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თავად კონკურსი და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები პროფესიონალურად იყო ორგანიზებული. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჟიურის უმაღლესი დონე და მათი რეკომენდაციების მნიშვნელობა.
კოლეგებთან და ჟიურის წევრებთან ურთიერთობამ მოგვცა ღირებული პროფესიული კონტაქტები და არსებული ტენდენციების უკეთ გააზრების საშუალება. ეს არის ცოცხალი და სასარგებლო გარემო ზრდისა და განვითარებისთვის.
შემდეგ წელს IWSC in Georgia-ს 5 წელი უსრულდება. აპირებთ თუ არა საიუბილეო კონკურსში მონაწილეობას? რა გეგმები გაქვთ?
დიახ, კონკურსში მონაწილეობას მომავალშიც ვგეგმავთ, თუმცა არა მექანიკურად. წარსადგენად შევარჩევთ მხოლოდ იმ ღვინოებს, რომლებიც სრულად ასახავს ჩვენს სტილსა და ფილოსოფიას. მომავალში განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ტერუართან კიდევ უფრო ზუსტ მუშაობასა და ხარისხის კონტროლს, ფოკუსირებას მოვახდენთ საავტორო ღვინოების განვითარებაზე. ჩვენთვის კონკურსი პროგრესის შეფასების ინსტრუმენტია.
ვფიქრობ, ასეთი კონკურსები მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მხოლოდ ცალკეული მეღვინეობებისთვის, არამედ მთელი რეგიონის ღვინის კულტურის ფორმირებისა და განვითარების პროცესში. კონკურსი განსაზღვრავს ხარისხის სტანდარტის ორიენტირებს, ხელს უწყობს პროფესიულ ზრდას და ამაღლებენ მეღვინეობის საერთო დონეს.
ჯილდო ყოველთვის გუნდური, შეთანხმებული მუშაობის შედეგია, რომელიც ვენახში იწყება და წარმოების ყველა ეტაპზე გრძელდება. ჩვენთვის ეს არ არის ფინალური აკორდი და არც შეჩერების მიზეზი - ეს არის არჩეული გზის დადასტურება და ახალი, უფრო მაღალი განვითარების ეტაპის საწყისი წერტილი.
რას ფიქრობთ სამომავალო თანამშრომლობაზე და გამოცდილების გაცვლის ახალ შესაძლებლობაზე?
მსურს, რომ ერთმანეთთან შეხვედრა მხოლოდ კონკურსებით არ შემოიფარგლებოდეს და უფრო ხშირად გვქონდეს შესაძლებლობა შევხვდეთ ღვინის ფესტივალებზე - ღია და ცოცხალ გარემოში, სადაც ღვინო დიალოგის, გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიონალებსა და მოყვარულებს შორის გულწრფელი კომუნიკაციის საფუძველი ხდება.