საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 2025-2027 წლის ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია დაამტკიცა. სტრატეგია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ერთ-ერთი მიმართულებაა საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის დახვეწაში აქტიური მონაწილეობის მიღება და სახელმძღვანელო დოკუმენტების - ე.წ გაიდლაინების შემუშავება, ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო კამპანიების ჩატარება. როგორც GCCA-ის ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი თურმანიძემ „კომერსანტის“ ეთერში აღნიშნა, კონკურენციის სააგენტოს მოსწავლეებზე ადაპტირებული პრეზენტაციები უკვე მომზადებული აქვს.
„კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო რამდენიმე მიმართულებით მუშაობს: ერთი ეს არის კონკურენციის მიმართულება, რაც თავის თავში გულისხმობს ბაზარზე სამართლიანი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფას, ასევე მომხმარებლის უფლებების დაცვას და შემდეგი ეს არის ანტიდემპინგური ღონისძიებები, რაც გულისხმობს ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვას დემპინგური ფასებისგან. აღნიშნული მიმართულებით საქმიანობის პროცესში სხვადასხვა გამოწვევებს და პრობლემებს ვაწყდებით ხოლმე და სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ და აღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით სააგენტომ შეიმუშავა 2025-2027 წლების ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: 1. საქმიანობების ძირითადი მიმართულებების განვითარება, აღნიშნული მიმართულებით ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების და ნორმატიული აქტების დახვეწის პროცესში ჩვენ მონაწილეობას. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად ვართ ჩართული ადგილობრივი საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში. შემდგომი საკითხი რასაც საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს, ეს არის სახელმძღვანელო დოკუმენტების ე.წ გაიდლაინების შემუშავება. აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც ჩვენ უცხოელ კოლეგა უწყებებთან, ასევე წარმოდგენილი ვართ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე და მაქსიმალურად ვცდილობთ, გავიზიაროთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება. აქედან გამომდინარე 2025-27 წლებში შევეცდებით შევიმუშაოთ სახელმძღვანელოები, რათა ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყოს ინსტიტუციურად გამაგრებული 2. შემდეგია, საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლების ღონისძიებები, ამ მიმართულებითაც ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებებსა და აქტივობებს იქნება ეს დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები, მოწყვლად ჯგუფებთან თუ უმცირესობებთან.
გამოვყოფდი შეხვედრებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მომზადებული გვაქვს ადაპტირებული პრეზენტაციები სკოლის მოსწავლეებისთვის“,- აღნიშნა თურმანიძემ.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, კონკურენციის სააგენტო რეგიონებში გააქტიურებას გეგმავს, დაორგანიზდება შეხვედრები და სხვადასხვა აქტივობა, რათა მოქალაქეების ინფორმირებულობის დონე კიდევ უფრო გაიზარდოს.
,,ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება მომხმარებლების კვირეული, რაც ასევე ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ჩვენ ამ კვირეულის ფარგლებში ვცდილობთ, მოვიცვათ რეგიონები, დავაორგანიზოთ შეხვედრები და გავაცნოთ ინფორმაცია, როგორც ჩვენი მუშაობის, ისე მათი უფლებების შესახებ. ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზნად გამოყოფილი გვაქვს, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. 2024 წელს მესამედ ჩავატარეთ საერთაშორისო კონფერენცია კონკურენციის და მომხმარებლების უფლებების დაცვის კუთხით, ამ კონფერენციაში კონკურენციის სააგენტოსთან ერთად მონაწილეობას იღებენ კოლეგა მარეგულირებელი უწყებები.
2022-2024 წლის სტრატეგიის ფარგლებში სხვა გამოწვევები იდგა ჩვენ წინაშე, ერთ-ერთი ცნობიერების ამაღლების კუთხით გასატარებელი ღონისძიებები იყო. მომხმარებლების კვირეული სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს. ასევე, შემუშავებული იქნა ადამიანური რესურსების განვითარების სახელმძღვანელო, რომლის საფუძველზეც ვგეგმავთ თანამშრომლების შეფასების სისტემის დანერგვას, რომლის მიზანიც იქნება ჩვენი საკადრო რესურსის საჭიროებების გამოვლენა, რის საფუძველზეც შევძლებთ თანამშრომლებისთვის სხვადასხვა ტრენინგ კურსების თუ სემინარების დაგეგმვას, რათა მაქსიმალური კომფორტი შევთავაზოთ, როგორც მომხმარებლებს ისე ეკონომიკურ აგენტებს.
2025-2027 წლისთვის ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტო უნდა იყოს მეტად განვითარებული და ეფექტიანი, საკანონმდებლო ჩარჩო მაქსიმალურად მორგებული ევროკავშირის კანონმდებლობასთან. მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ეს ახალი სფეროა და მეტი ინფორმაციის გავრცელებაა საჭირო, ამ მიმართულებით კი ძალისხმევას არ ვაკლებთ. საკმაოდ გაზრდილია მომართვიანობა, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო ჩვენი მხრიდან, იქნება ეს საინფორმაციო კამპანიები, ვიდეოები, თუ სხვა აქტივობები“,- აღნიშნა GCCA-ის ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი თურმანიძემ.