საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილმა არასტაბილურმა ვითარებამ სარეკლამო ბაზარზე აქტივობების ვარდნა გამოიწვია. კომპანიები და ბიზნესები 2024 წლის ბოლოს იძულებულები გახდნენ დაგეგმილი კამპანიები გაეჩერებინათ, ნაწილი კი გაეუქმებინათ. თუმცა ახალი წლის შემდეგ პერიოდში სარეკლამო ბაზარზე ვარდნის ტენდენცია შეიცვალა, რადგან კომპანიები გააქტიურდნენ. 

მარკეტინგული კომპანია influencer.ge-ს დამფუძნებელი ელდარ პირმისაშვილი „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ 2024 წლის ბოლოს დრამატული სიტუაცია შეიქმნა. ყველაზე ცუდი პერიოდი ნოემბერ-დეკემბერი იყო, თუმცა ბაზარზე ახლა აქტიურობა შეინიშნება.

,,წინა წელს წლის ბოლოს იყო ვარდნა, თუმცა ახლა არის ზრდა იმ კუთხით, რომ გააქტიურდნენ კომპანიები და მათი კონტენტიც შედარებით დასტაბილურდა. წლის ბოლოს ძალიან დრამატული და ცუდი ვითარება იყო, რადგან პოლიტიკური პროცესების გამო ძალიან ბევრი პროექტი და კამპანია შეჩერდა. ინფლუენსერების აუდიტორია არ იყო მზად ასეთი კონტენტის მისაღებად. ინფლუენსერებს არ ჰქონდათ განწყობა ამ კონტენტის მოსამზადებლად. ნოემბერ-დეკემბერი იყო ყველაზე ცუდი თვეები ამ კუთხით. იანვრის შემდეგ, როდესაც საახალწლო დღეები დასრულდა, თან უმრავლესობას ჰქონდა აღებული ვალდებულებები, გააქტიურდა ბაზარი. დაახლოებით თებერვლის ბოლოსკენ. კომპანიები მიხვდნენ, რომ ტელევიზიით ვერ იღებენ შედეგს და სოციალურ ქსელში თუ არ იაქტიურებენ ძალიან დაეტყობათ ეს როგორც იმიჯზე, ასევე გაყიდვებზე. შესაბამისად გააქტიურდნენ“, - აცხადებს ელდარ პირმისაშვილი.

სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი განმარტავს, რომ სარეკლამო ბაზარზე არსებული ტენდენციები იცვლება. რეკლამის განთავსებისთვის კომპანიები უპირატესობას სოციალურ ქსელებს ანიჭებენ. რაც შეეხება ტრადიციულ მედია არხებს როგორიც არის ტელევიზია, რადიო და ბეჭდური გამოცემები, ისინი დღეს სულ უფრო პოლიტიზებული ხდებიან და ამ პლატფორმებზე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება ბიზნესის თემებისთვის. სწორედ ამიტომ, ბრენდები და კომპანიები სარეკლამო და სხვა დანიშნულების კამპანიებს სოციალურ ქსელებში უფრო მეტად ათავსებენ. აღნიშნული კიდევ ერთმა ფაქტორმა განაპირობა, რაც სოციალური ქსელების სწრაფ ზრდასა და მათი მომხმარებლის მატებას უკავშირდება.

,,ტელევიზია უფრო გაჯერებულია პოლიტიკური ინფორმაციით. შესაბამისად, ძალიან ნაკლები დრო რჩება როგორც ბიზნესის თემებს, ასევე კომპანიების კონტენტს. ყველაფერი გადავიდა სოციალურ ქსელში. ორი ფაქტორის გამო გადავიდა. პირველი, სოციალური ქსელი იზრდება, თან კარგად იზრდება. ტელევიზიასთან და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებთან შედარებით იზრდება კარგი მიმართულებით ანუ კარგი სტანდარტით. უფრო მეტი ადამიანი შედის და უფრო მეტი ადამიანი რეგისტრირდება და რაც მთავარია, უფრო მეტი ადამიანი იღებს ინფორმაციას. მეორე, ფაქტობრივად დაიყო და ასე გადანაწილდა, რომ ტელევიზია, რადიო და ბეჭდური მედია უფრო სოციალურ და პოლიტიკურ თემებს დაუკავშირდა. სოციალური ქსელები, კონკრეტულად ვგულისხმობ ,,ინსტაგრამსა'' და ,,ტიკ-ტოკს'', გახდნენ უფრო ბიზნესზე ორიენტირებული. შესაბამისად, ძალიან ბევრი დაკვეთა და კონტენტი წამოვიდა სოციალურ ქსელზე. რაც მთელს მსოფლიოში ტენდენციაა“, - აცხადებს ელდარ პირმისაშვილი.