საქართველოში კვერცხისა და ქათმის ხორცის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებლის „კოდას“ („პოულტრი ჯორჯიას“ შემოსავალი გასული წლის განმავლობაში 3.5 მილიონი ლარით, 38.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
2022 წლის ფინანსური ანგარიშების მიხედვით, გაყიდვების ზრდის მიუხედავად, კომპანიას სხვა ხარჯებიც გაეზარდა და წმინდა მოგება 3.25 მილიონი ლარიდან 0.92 მილიონ ლარამდე შეუმცირდა.
კომპანიაზე საქართველოში კვერცხის რეალიზაციის ბაზრის 25-30% მოდის. „კოდას“ შემოსავლის 60% თბილისის ბაზრიდან გენერირდება, ხოლო დანარჩენი კი ქვეყნის სხვა რეგიონებიდან.
კომპანიის აქტივები 25.8 მილიონ ლარს შეადგენს.
„კვერცხის წარმოების წლიური საწარმოო სიმძლავრეა 110–115 მილიონი სუფრის კვერცხი. დღეისათვის ათვისებულია საწარმოო სიმძლავრის 80-85%. კვერცხის დახარისხება ხდება წონის მიხედვით, 10 გრამის შუალედით. ზაფხულის პერიოდში პროდუქციის შესანახად გამოიყენება 3,600,000 ცალ კვერცხზე გათვლილი საწყობი მაცივარი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კლიმატკონტროლის კომპიუტიზირებული სისტემით. პროდუქცია მთლიანად იყიდება საქართველოს ბაზარზე.
კომპანია თავისი პროდუქციის რეალიზაციას თბილისში ახდენს საკუთარი დისტრიბუციის სამსახურის, ხოლო რეგიონებში ექსკლუზიური დისტრიბუტორების საშუალებით. სადისტრიბუციო სამსახური შედგება 22 ეკიპაჟისაგან. შპს პოულტრი ჯორჯიაში დასაქმებულთა რაოდენობა, მიმდინარე პერიოდისთვის, შეადგენს 270 კაცს,“- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.
2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით „კოდას“ ჯგუფის ბენეფიციარი მესაკუთრე იყო სააქციო საზოგადოება „პოულტრი ენტერპრაიზის“, რომელიც კვიპროსშია რეგისტრირებული.