"კოდამ" საწარმოში მზის ენერგიის სისტემების დანერგვა დაიწყო. როგორც მეფრინველეობის კომპანიის  დირექტორი ზურაბ ჭუჭულაშვილი “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნავს, მზის ენერგიის სისტემებით, თავდაპირველად საწარმოსთვის საჭირო ელექტროენერგიის 25% იქნება უზრუნველყოფილი.

მისივე ინფორმაციით, მზის ენერგიის სისტემები, დაახლოებით, 1 კვირაში ჩაირთვება.

"უკვე დავამონტაჟეთ ე.წ. მწვანე ენერგიის წყარო. აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება 300 000 დოლარს შეადგენს. გვსურს, რომ  ელექტროენერგიის მოხმარება აღნიშნული სისტემებით სრულად ჩავანაცვლოთ. ვფიქრობ, რომ იგივე ზომისა და ტიპის სისტემების წელს კიდევ დავამონტაჟებთ და წლის ბოლომდე ელექტროენერგიის 50% იქნება უზრუნველყოფილი", - აცხადებს ზურაბ ჭუჭულაშვილი.

რაც შეეხება კომპანიის ზრდის მაჩვენებლებს - როგორც "კოდას" დირექტორი აღნიშნავს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვების 5-6%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო სააღდგომო პერიოდში, ზურაბ ჭუჭულაშვილი - 15%-მდე ზრდას  ელოდება.

ცნობისთვის, მეფრინველეობის კომპანია "კოდას" წლიური წარმადობა დაახლოებით, 100 მილიონი ცალი კვერცხია, ქათმის ხორცი კი წლის განმავლობაში 1000 ტონის ფარგლებში იწარმოება.

bp.ge