მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში 5 729 საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის აპრილთან შედარებით 16.9%-ით ნაკლებია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებაშია აღნიშნული.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 10 447.5 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.1% იყო.

„საქსტატის“ ხელმძღვანელის გოგიტა თოდრაძის განმარტებით, დარეგისტრირებული ახალი საწარმოების რაოდენობა, ძირითადად უცხოელი ინდმეწარმეების რიცხვის შემცირებით არის განპირობებული.

„2023 წლის აპრილში ქვეყანაში 5 700 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 17%-ითაა შემცირებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ კლება ძირითადად უცხოელი მეწარმეების რეგისტრაციის შემცირებითაა განპირობებული. წელს უცხოელი მეწარმეების მიერ შექმნილი საწარმოების რიცხვი გასული, ამავე თვესთან შედარებით დაახლოებით 42%-ით არის შემცირებული. ეს ძირითადი მიზეზია, რამაც ახლად დარეგისტრირებული საწარმოების რიცხვის შემცირება გამოიწვია“, - განაცხადა თოდრაძემ.