ხის აქსესუარების მწარმოებელი ქართული ბრენდი „ივიკო“ 4 წელია ბაზარზეა და ამ დროის განმავლობაში აქტიურად ვითარდება, წლის ბოლოდან კი კომპანია მასიური ავეჯის წარმოებას დაიწყებს. 

მისი დამფუძნებელი ახალგაზრდა, თვითნასწავლი ოსტატია, რომელმაც საქმიანობა მცირე დანაზოგით დაიწყო, შემდეგ კი საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ აქცია. კომპანიის შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ „კომერსანტს“ „ივიკოს“ დამფუძნებელი ივერი თოთრაშვილი ესაუბრა. 

„ხეზე მუშაობა 5 წლის წინ დავიწყე, როცა გამომიჩნდა ბევრი თავისუფალი დრო და კონკრეტული საქმით არ ვიყავი დაკავებული. პირველი დანადგარი 550-ლარიანი დანაზოგით შევიძინე, პირველი ნივთი კი, დივანი და სავარძლები, სახლისთვის დავამზადე. მას შემდეგ გამიჩნდა ამ საქმის გაგრძელების სტიმული. ხის დამუშავება მთლიანად ჩემით, ექსპერიმენტებით შევისწავლე. ვეცნობოდი სხვადასხვა ინფორმაციას და ვუყურებდი ვიდეოებს ამ თემაზე. 

დაახლოებით ერთ წელში, გადავწყვიტე, რომ ამ საქმისთვის კომერციული სახე უნდა მიმეცა. უკვე ოთხი წელია, რაც „ივიკოს“ აქსესუარები მზადდება, გაყიდვები კი აქტიურად 3 წელია მიმდინარეობს“, - აღნიშნა ივერი თოთრაშვილმა. 

მისი თქმით, რეალიზაცია თავიდან მხოლოდ სოციალური ქსელით ხდებოდა, შემდეგ კი „ივიკოს“ აქსესუარები სხვადასხვა წერტილში გამოჩნდა. დღეს ბიზნესში 10 ადამიანია დასაქმებული. 

„ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით ჩვენი ნივთების ფიზიკურად შეძენა 15 ადგილასაა შესაძლებელი, მათგან უმეტესობა თბილისშია. ასევე ვართ წარმოდგენილი ქუთაისში, მესტიაში, ახალციხეში. ხოლო დისტანციურ გაყიდვებს 6 ონლაინ მაღაზიის საშუალებით ვახორციელებთ. 

უშუალოდ სახელოსნოში ამ ეტაპზე 5 ადამიანია დასაქმებული. გარდა ამისა, გაყიდვების, ბუღალტერიისა და სოციალური მედიის მიმართულებით დასაქმებული გვაქვს კიდევ 5 ადამიანი. ჯამში „ივიკოში“ 10 ადამიანი მუშაობს. 

აქამდე მოსვლა არ იყო ადვილი. თავიდან წარმოუდგენელი იყო რომ დამესაქმებინა ადამიანი და მისთვის ფიქსირებული ხელფასი გადამეხადა. 

ჩვენი სახელოსნო დიდ ლილოში, ჩემს საცხოვრებელ სახლშია, რაც ჩვენთვის, როგორც ბიზნესისთვის დიდი პლუსია, რადგან არ გვიწევს ფართისთვის თანხის გაღება. პირველი თანამშრომლის აყვანიდან დაახლოებით 6 თვეში ავიყვანეთ მეორე თანამშრომელი და ასე ნელ-ნელა შევქმენით გუნდი, რომელიც აქსესუარების შექმნაზე მუშაობს“, - განაცხადა ივერი თოთრაშვილმა. 

როგორც მან აღნიშნა, აქსესუარების წარმოებაში ქართული ხე და ყვავილები გამოიყენება. ხის მასალის უდიდესი ნაწილი არის კაკლის ხე. ყვავილებს კი „ივიკოს“ თანამშრომლები თავად აგროვებენ, ჰერბარიუმს ქმნიან და შემდეგ დიზაინის მოთხოვნიდან გამომდინარე იყენებენ. 

მისი თქმით, ბრენდის შექმნიდან დღემდე გაყიდვები მუდმივად მზარდია. მომხმარებელთა უმრავლესობას კი ტურისტები შეადგენენ. 

„შეიძლება ითქვას, რომ ყოველი თვე წინაზე უკეთესია. სოციალური მედია წარმატებით მუშაობს, ცნობადობა სულ უფრო იზრდება და შესაბამისად, მოთხოვნაც იზრდება. 

ჩვენი პროდუქციის ფასები საშუალო ბიუჯეტის მქონე მომხმარებელზეა გათვლილი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქართველ მომხმარებელს მაინც უჭირს მისი შეძენა. ყველაზე მეტი გაყიდვა ტურისტულ ადგილებში გვაქვს, რადგან მათ მეტად აქვთ ასეთი აქსესუარების შეძენის შესაძლებლობა. ასევე გვყავს მომხმარებლები ემიგრაციიდან და ფოსტის საშუალებით ხშირად ვგზავნით ნივთებს სხვადასხვა ქვეყანაში“, - აღნიშნა ივერი თოთრაშვილმა. 

რაც შეეხება განვითარების გეგმებს, მისი თქმით, „აწარმოე საქართველოსგან“ მიღებული გრანტით, რომლის მოცულობა 30 000 ლარია, კომპანიამ ახალი დანადგარები შეიძინა და მალე მასიური ავეჯის წარმოებას დაიწყებს. 

„ჩვენი ნიშით, რომელიც ხის მასალასთან ერთად ბუნებრივი ყვავილების გამოყენებას გულისხმობს, უკვე ვგეგმავთ მასიაური ავეჯის წარმოებას. წლის ბოლოდან დავიწყებთ პირველი ავეჯის დამზადებას და ვფიქრობთ ამ მიმართულებითაც ჩვენი საქმიანობა წარმატებული იქნება. 

ამ დროისთვის კიდევ მიმდინარეობს დამატებითი ფინანსების მოძიების პროცესი. გვინდა სხვა გრატნების მიღებაც, რომლითაც უფრო დავხვეწთ წარმოების ტექნოლოგიებს და შევძლებთ ჩვენი მიზნების განხორციელებას“, - აღნიშნა ივერი თოთრაშვილმა.