სეზონური ხილის გამოჩენასთან ერთად მომხმარებელი ხშირად საუბრობს იმაზე, რომ ერთ ქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე 1 კგ ხილის ფასი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.  რა არის აღნიშნულის მიზეზი - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ხილ-ბოსტნეულის ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ განსხვავების მიზეზი დისტრიბუციის ხარჯები და მაღაზიის ფართის ქირა/იჯარის გადასახადია.

„ხილ-ბოსტნეულზე ფასთა სხვაობას დისტრიბუციის ხარჯი, სავაჭრო ფართის ქირა იწვევს. როდესაც ადამიანს საბურთალოზე აქვს ფართი და იხდის 1500 დოლარს, მასთან ეს გადასახადი პროდუქციაში აისახება და აძვირებს პროდუქციას, ხოლო ვისაც საკუთარი ფართი აქვს ის შედარებით იაფად ყიდის მის პროდუქტს, ამას ემატება საშემოსავლო გადასახადი, კომუნალურები და დისტრიბუციის ხარჯები. მართალია ახლა დიზელი წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდ არის გაიაფებული, თუმცა ეს დროებითია, რადგან სტაბილური ამ ქვეყანაში არაფერია. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი სახელმწიფომ უნდა დააბალანსოს ადამიანები თვითონ შეუშვას ფართებში და ერთნაირი გადასახადი დააწესოს, როგორც გლდანში, ასევე საბურთალოზე, ან დიდ დიღომში.“ - აღნიშნავს მაღაზიის მეპატრონე