ბიზნესმენ კახი ჟორდანიას DMG Group და კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს საქართველოს უძრავი ქონების ჰოლდინგი, საბურთალოს ცენტრალურ ნაწილში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მულტიფუნქციურ მრავალსართულიან ცათამბჯენს აშენებს.

ტერიტორია, სადაც წლების განმავლობაში ძველი ინდუსტრიულ-ტექნიკური საწყობები, საოფისე სივრცეები და სარეაბილიტაციო ცენტრი იყო, დემონტაჟის შედეგად სრულად გაწმენდილია.

არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდზე არსებული ბოლო ინფორმაციით, ტერიტორიის მფლობელი კომპანია შპს „კომპასს“ (რომელსაც თავის მხრივ DMG Group და შპს საქართველოს უძრავი ქონების ჰოლდინგი ფლობს) მხოლოდ დემონტაჟის ნებართვა აქვს აღებული, მშენებლობის ნებართვის გაცემა და პროექტის შეთანხმება ამ ეტაპზე არ მომხდარა.

თუმცა, სამშენებლო მენეჯმენტ კომპანია Milestone Development-ის ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა პროექტის რენდერები, რომლის მიხედვითაც ცათამბჯენის სართულიანობა 40-ს აღემატება.  

ცნობისთვის, კახი ჟორდანიას DMG Group, რომელიც ბოლო პერიოდში ახალი დეველოპერული ბრენდის Immobiliare -ს სახელით გამოჩნდა, კოსტავას 49-ში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს, გარდა ამისა კომპანია უკვე ავითარებს კოსტავას მიმდებარე ისტორიული ტერიტორიის ერთიან კონცეფციას, რომელიც აბრეშუმისა და თამბაქოს ყოფილი ქარხნების, ასევე ლაგუნა ვერეს რეაბილიტაციას მოიცავს.