BMW-მ კონკურსი საქართველოში იმპორტიორის სტატუსის მოპოვებაზე 2022 წელს გამოაცხადა. ხანგრძლივი მუშაობის, შეხვედრებისა და წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, BMW-მ არჩევანი „ჯი-თი მოტორსზე“ გააკეთა. 2022 წლის 1 სექტემბრიდან საავტომობილო ჰოლდინგი BMW-ს ოფიციალური იმპორტიორი, ხოლო 2023 წლის 1 იანვრიდან - ექსკლუზიური იმპორტიორი გახდა.
BMW-სა და MINI-ს დროებითი შოურუმი ოფიციალურად 2023 წლის 15 თებერვალს თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, გაიხსნა, სადაც ამ ბრენდების მოყვარულთათვის სასურველი მოდელებია წარმოდგენილი, მათ შორის ექსკლუზიური, ლიმიტირებული მოდელები, ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილები.
კომპანიამ საქართველოში ოპერირება ლიმიტირებული M5 CS მოდელით დაიწყო, რომელიც ბაზარზე შემოსვლისთანავე გაიყიდა, რაც მსოფლიო მასშტაბით უნიკალური ფაქტია.
ცნობილია, რომ BMW-სა და MINI-ს შოურუმში განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა SUV ტიპის მოდელებზეა. კომპანიამ ავტომობილების გაყიდვა დეკემბრიდან დაიწყო და ამ დროის განმავლობაში უკვე 80-ზე მეტი გაყიდა.
„შოურუმი, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის 216 ნომერში გაიხსნა დროებითია. კომპანია მომხმარებლებს ახალ შოურუმში 2024 წლიდან უმასპინძლებს. ის ერთ-ერთი პირველი იქნება რეგიონში, რომელიც BMW-ს სრულიად ახალი კონცეფციის სტანდარტებით დაპროექტდება,“ - აცხადებს „ჯი-თი მოტორსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ დემეტრაშვილი.
მომავალი შოურუმის რენდერი
„ჯი-თი მოტორსის“ მიერ გაწეული ინვესტიცია, რომელიც აღნიშნული ბრენდების საქართველოში ოფიციალურად შემოსვლისთვის და ახალი შოურუმისთვის განხორციელდება 10 მილიონ დოლარს შეადგენს.
როგორც „ჯი-თი მოტორსში“ აცხადებენ, BMW-სა და MINI-ს შოურუმში, მიმდინარე წელს, მომხმარებელი იხილავს ისეთ განსაკუთრებულ მოდელებს როგორებიცაა: XM, მე-7 სერია, M3 CS, Facelift X5 და X6.