სამშენებლო და დეველოპერული სექტორი ახალი რეგულაციისთვის ემზადება. 1 ივლისიდან, ძალაში ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტები შედის. რეგულაცია შეეხება ყველა ახალ შენობას, განურჩევლად მისი საკუთრების ფორმისა. იმ შემთხვევაში თუ კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს და მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს იმას თუ როგორი უნდა იყოს შენობის კონსტრუქცია, სახურავი, კედლები და კარ-ფანჯრები.

აღსანიშნავია, რომ კანონის მოქმედება არსებულ შენობებზეც ვრცელდება, თუ ის რეკონსტრუქციას საჭიროებს.

ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტების შემოღების შემდეგ ეტაპზე შენობებს ენერგო კლასები მიენიჭება. ეკონომიკის სამინისტრო უკვე მუშაობს და წლის ბოლომდე მზად იქნება შენობების ენერგომახასიათებლობის სერტიფიცირების წესები, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობა, რომელიც შევა ექსპლუატაციაში, მას უნდა გააჩნდეს ენერგო სერტიფიკატი, თუ რომელ ენერგო კლასს მიეკუთვნება ის.