თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას კომპანია „კინორ ინვესტმენტი“ ქუთაისის აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობის დასრულებას 2024 წლის მარტში გეგმავს.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ირაკლი ალასანია რამდენიმე კომპანიის დირექტორია, მათ შორისაა საინვესტიციო და დეველოპერული კომპანია „კინორი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ლუქსემბურგში რეგისტრირებული „კინორ ინვესტმენტია“. ყოფილი მინისტრი „სოდი ინვესტმენტის“ დირექტორიცაა, აღნიშნული საინვესტიციო კომპანიის დამფუძნებელია ფრანგი ბიზნესმენი დომინიკ რომანო, რომლის უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია Guibor-ი საქართველოში პროექტებს 2018 წლიდან ახორციელებს. კომპანიების უმსხვილესი პროექტებია თბილისში ყოფილი კინოსტუდიის ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსის განვითარება და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობა. 

ქუთაისის აეროპორტთან, წყალტუბოს რაიონ სოფელ ფარცხანაყანევში, 6000 კვ.მ-ზე სასტუმრო IBIS RED-ის კონსტრუქციების სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ასრულებს. 

„7 - სართულიან სასტუმროში 149 ნომერი განთავსდება. შენობის სისადავე და ფერთა გამა მას გარემოსაგან გამოკვეთს, ხოლო მისი ფორმა და ტერიტორიული განლაგება ქარისა და მზის მოძრაობის კვლევის შედეგებს ეფუძნება. სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ასრულებს შენობის მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციების სამშენებლო სამუშაოებს“, - აღნიშნავენ „ანაგში“.

გეგმის მიხედვით, სასტუმროში ასევე განთავსდება ორი რესტორანი, ლაუნჯი, საკონფერენციო დარბაზი და საცურაო აუზი.