IPOA-ს წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე, ორგანიზაციის საქმიანობისა და საავტორო უფლებების სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს.

IPOA-ს გამგეობის თავმჯდომარემ, თამარ გვარიშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მიღწეული შედეგები. მისი განცხადებით, რეფორმის შედეგად გაუმჯობესდა ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების სისტემა და ამოქმედდა „კერძო კოპირების“ ჰონორარის შეგროვების მექანიზმი.
პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ჰონორარების შეგროვების დინამიკასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები. თამარ გვარიშვილის თქმით, IPOA-ს ინიციატივითა და ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით, დაფუძნდა კულტურის განვითარების ფონდი „მესმა“, რომლის მიზანია, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ასოციაცია აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ღონისძიებებში და აქტიურად თანამშრომლობს ინტელექტუალური საკუთრების ქოლგა ორგანიზაციებთან.
სხდომაზე ასოციაციის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა მდივანმა, ისაუბრა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და ამ მიმართულებით შესაძლო რეგულაციებზე.
საავტორო უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და დარგის განვითარებაზე ასევე ისაუბრა საქპატენტის თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
IPOA წარმოადგენს საქართველოში ავტორთა და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა მიერ დაფუძნებულ და ქონებრივი უფლებების კოლექტიურ მართვაზე აკრედიტებულ ერთადერთ ორგანიზაციას.