ჰორეკა სექტორში ამბობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ფონისა და არასტაბილური ბიზნესგარემოს გამო, პრობლემა არა მხოლოდ მომხმარებელთა ნაკლებობა, არამედ კადრების შენარჩუნებაც გახდა.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის „კომერსანტის“ ეთერში ამბობს, რომ თანამშრომლებზე ანაზღაურების გაზრდის დაპირებასაც ვერ გასცემენ, რადგან ინფლაციის შიშით, არ აქვთ მოლოდინი, რომ მათ შენარჩუნებას შეძლებენ.
„ყოველდღიურად ვიღებ ადამიანების ზარებს, რომლებიც სამსახურს ეძებენ. ჰორეკა სექტორში დასაქმების მხრივ იმდენად რთული ვითარებაა, რომ პირდაპირ ჩემთან გამოდიან ხაზზე. რეგიონებში ბევრად უფრო რთული სიტუაციაა, ვიდრე თბილისში.
თქვენს ეთერში ხშირად მითქვამს, რომ ადრე, სამუშაო ადგილი უფრო მეტი იყო, ვიდრე დასაქმების მაძიებელი. ჩვენი სფერო ამ კუთხით გამორჩეულია, რადგან ძალიან ბევრი კადრი გვჭირდება. ახლა კი ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ ბევრი რესტორანი იხურება, არა თუ ახალი კადრები აჰყავდეს.
ის გაუგებრობა, რომელიც ახლა ქვეყანაში გვაქვს, უპერსპექტივობას ქმნის. რაც შეეხება ანაზღაურების ნაწილს, კარგი მოლოდინი ახლაც არ გვაქვს. საუბარია არა ხელფასების ზრდაზე, არამედ, სამწუხაროდ, თანამშრომლების გათავისუფლებაზე. წარმოუდგენელია, ვინმეს ხელფასის ზრდის მოლოდინი მისცე, ინფლაცია რაც არ უნდა გაიზარდოს, თანამშრომელს ის მოლოდინი რჩება მხოლოდ, სამსახურიდან როდის გაუშვებ. არჩევანის წინაშე დგები, სამწუხაროდ, რომელ თანამშრომელს გაუშვებ და რომელს დატოვებ“,- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ „კომერსანტის“ეთერში.