გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მეღვინეთა რეგისტრაცია დაიწყო! წელს რეგისტრაცია ახალი ფორმატით მიმდინარეობს, პროცესს რამდენიმე ეტაპი აქვს, თუმცა თითოეული მათგანი ძალიან მარტივია:
დასაწყისისთვის, გადადით პორტალზე https://portal.winefest.ge/signin და გაიარეთ რეგისტრაცია. როგორც კი, პორტალზე რეგისტრაცია წარმატებით დასრულდება, გამოჩნდება ღილაკი - “ფესტივალზე რეგისტრაცია”, ღილაკის გამოყენებით გახსენით ფესტივალზე დასარეგისტრირებელი ბმული, შეავსეთ, შეიყვანეთ ფესტივალზე მონაწილეობის ყველა საჭირო დეტალი და დაასრულეთ რეგისტრაცია.
და ბოლოს, გაითვალისწინეთ:
* ფესტივალზე რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როცა შეავსებთ ფესტივალის სარეგისტრაციო ფორმას
* ფორმის შევსებისას აუცილებელია დაეთანხმოთ წესებსა და პირობებს შესაბამისი ველის მონიშვნით.
რაც შეეხება, ფესტივალზე მონაწილეობისთვის, მეწარმეებისთვის რეგისტრაცია, სექტემბერში გაიხსნება.
შეგასენებთ, რომ წელს, კახეთის მთავარ მოვლენას, გურჯაანის ღვინის ფესტივალს მეღვინეობის ქალაქი 11 ოქტომბერს უმასპინძლებს.
ფესტივალი, რომელიც წელს უკვე მეცხრედ ეწყობა ტრადიციულად სხვადასხვა გემოს თუ ფერის, მშრალი თუ ნახევრად ტკბილი, ახლად დადუღებული თუ წლებით დავარგებულ ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს ერთ სივრცეში გააერთიანებს, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნება სასიამოვნო მუსიკის ფონზე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად საინტერესოდ გაატაროს დრო.
წელს ფესტივალის შთაგონების წყარო მრავალხმიანი ქართული ღვინოა - სასმელი, რომელმაც საუკუნეების გზა გამოიარა, მოერგო სხვადასხვა ეპოქის ჰანგებს, მაგრამ არასდროს დაკარგა თავისი პირველქმნილი ხასიათი – ის, რამაც საქართველო ღვინის სამშობლოდ აქცია. როგორც ქართულ პოლიფონიაში სხვადასხვა ხმა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის ერთიან, განუმეორებელ ჟღერადობას, ასევე ნამდვილი ღვინო არის გემოების, არომატებისა და შეგრძნებების პოლიფონია.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი სწორედ, ამ უწყვეტი ისტორიის გაგრძელებაა – ადგილი, სადაც ქართული ტრადიცია ყოველწლიურად ცოცხლდება და წელს, ღვინის მრავალხმიანობა კიდევ ერთხელ გაგვაერთიანებს.
გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანია უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა.