ძალიან სამწუხარო - ასე აფასებს მთავრობის კანცელარიაში მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართულ შეხვედრას ბიზნეს კონსულტანტი ლევან კობერიძე. საკითხზე მან ,,კომერსანტის’’ შემაჯამებელ ეთერში ისაუბრა.
ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ბიზნესმენები მთავრობის ადმინისტრაციაში პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად მიიყვანეს და მათაც ეს როლი მოირგეს. ბიზნეს კონსულტანტის შეფასებით, წლებია საქართველოში მსხვილი ბიზნესი კონიუნქტურულია, ამიტომ ქვეყნის დასაყრდენი მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იყოს.
,,სამწუხაროდ, ძალიან სამწუხარო შეხვედრა იყო კანცელარიაში. ჩემთვის პირადად, ბიზნესის კობახიძესთან შეხვედრა იყო ძალიან სამწუხარო. ისეთი გულდასაწყვეტი იყო ამ ყველაფრის ყურება, როდესაც ბიზნესმენები გამოდიოდნენ და რაღაც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ. ბუნდრუკს უკმევდნენ მთავრობას, რომელსაც თავისი თავი გასჭირვებია. არჩევნების ლეგიტიმაცია არავის არ უცნია. თვითონ თავის თავის ხიბლში არიან, მაგრამ მე მგონი რეალურად კარგად ხვდებიან რა უბედურებაშიც არიან. ეს არის ყველაზე ცუდი. ეს ქმნის მთლიანობაში ძალიან ცუდ განწყობებს. მე მგონია, რომ საქართველოს დასაყრდენი მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა გახდეს. იმიტომ, რომ მსხვილი ბიზნესი არის კონიუქტურულია დღეს. შევარდნაძიდან მოყოლებული, ნაციონალური მოძრაობის დროსაც და ოცნების დროსაც სამწუხაროდ, პატარა პერიოდის გამონაკლისის გარდა, რეალურად კონიუქტურულია მსხვილი ბიზნესი. იქ მიიყვანეს ეს ბიზნესმენები იმისათვის, რომ მათ პოლიტიკური განცხადებები გაეკეთებინათ. მათაც ეს როლი მოირგეს, აკეთეს პოლიტიკური განცხადებები. ეს შეხვედრა უნდოდათ იმისათვის, რომ გაჟღერებულიყო მესიჯები.’’- განაცხადა ,,კომერსანტის” შემაჯამებელ ეთერში ლევან კობერიძემ.
ბიზნეს კონსულტანტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის დასაყრდენი მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა გახდეს. ლევან კობერიძის განცხადებით, ევროპაში სამუშაო ადგილების დიდ ნაწილს სწორედ ეს სექტორი ქმნის. მისი შეფასებით, სანამ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა არ იქნება, მანამდე ქვეყნის ეკონომიკა ფეხზე ვერ დადგება.
,,მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იყოს ქვეყნის დასაყრდენი. ყოველი ახალი სამუშაო ადგილის ¾ ევროპაში იქმნება მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ. სანამ მთლიან შიდა პროდუქტში 60%-ს არ გადააჭარბებს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, ეს ქვეყანა ფეხზე ვერ დადგება. არ შეიძლება დასაქმებულების ნახევარი იყოს დასაქმებული საჯარო სექტორში და ნახევარი იყოს დასაქმებული მსხვილ ბიზნესში. სად არის მცირე და საშუალო ბიზნესის როლი, ან მისი მხარდაჭერა? ძალიან მცირედ არის ეს გამოხატული. გაიზარდა თითქოს წილი 20-25%-მდე ხელოვნურად, როდესაც საგადასახადო სისტემაში ბრუნვის მაჩვენებლები შეიცვალა განსაზღვრების თვალსაზრისით რა არის მცირე და საშუალო ბიზნესი. ამიტომ აქ გვაქვს ჩვენ საფიქრალი. საშუალო ფენა სანამ არ გაჩნდება ქვეყანაში, მანამდე ჩვენ რაღაც ეკონომიკური სტაბილურობის განცდა არ გვექნება. იმიტომ არის, რომ ნებისმიერი პოლიტიკური მარტივი რყევა, არყევს ადამიანების, მოქალაქეების კეთილდღეობას. ეს არის ევროპული სტილი, როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესი ხდება ქვეყნის დასაყრდენი და არა მსხვილი ბიზნესი. მით უმეტეს ოლიგარქები. ოლიგარქები დღეს ერთ ხელისუფლებასთან არიან და რა ჰგონია ამ ხელისუფლებას, ხვალ მომენტალურად გადაეწყობიან სხვა ხელისუფლებაში.’’- განაცხადა ლევან კობერიძემ.
ლევან კობერიძის განცხადებით, საქართველოს აღურიცხავი, ე.წ. ჩრდილოვანი ეკონომიკა ეხმარება, თუმცა ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის. მისივე შეფასებით, ე.წ. ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი რეალურად იმაზე დიდია, ვიდრე ეს ოფიციალურ მონაცემებშია ასახული. ბიზნეს კონსულტანტი განმარტავს, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა მის მიერ გაკეთებული დანაზოგების მოცულობით განისაზღვრება და არა იმ თანხით, რასაც ის ყოველდღიურად ხარჯავს.
,,ჩვენ ერთადერთი გვშველის ჩრდილოვანი ეკონომიკა. ოღონდ ცუდია ეს რომ გვშველის. ჩრდილოვანი ეკონომიკა არის მთლიანი ეკონომიკის, დაახლოებით 30-35%-ც კი. ეს არის ე.წ. აღურიცხავი ეკონომიკა. საქსტატი კი ამბობს, რომ 10 პროცენტია დაახლოებითო, მაგრამ მე მგონია, რომ მისი წილი გაცილებით დიდია. არ შეარგეს ამ ხალხს ახალ წელს, რაღაც საჩუქარს, რომ იყიდის და საახალწლო სუფრისთვის პროდუქტებს, აი ეს არ შეარგეს. კარგად ცხოვრობს ხალხიო. ოპოზიცია იმიტომ არის უმაქნისი, რომ ამაზე არ ლაპარაკობს. ადამიანების კეთილდღეობის შეფასების მთავარი კრიტერიუმი არის, რამდენად აგროვებს ის თანხას. ანუ დანაზოგს რას აკეთებს. ის კი არა, რომ ბიჟუტერიისთვის თანხა ყოფნის, თუ თავის მოვლის საშუალებებისთვის და საახალწლოდ გოზინაყის და გოჭისთვის, არამედ დანაზოგს აკეთებს თუ არა. ეს არის ჩვეულებრივი ძალიან მკაცრი ეკონომიკური მდგენელი და ამაზე უნდა საუბრობდეს ყველა.’’- განმარტავს ლევან კობერიძე.
ლევან კობერიძემ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს გაუარესებულ მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას დაბლა წევს. მისივე განცხადებით, სწორედ ამ საკითხებზე უნდა საუბრობდეს დღეს პოლიტიკური სპექტრი, თუმცა ისინი შინაარსზე აქცენტს არ აკეთებენ.
,,აბა ამ კრიტერიუმებს შევხედოთ, აბა სასამართლოს შევხედოთ. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასება, რომელიც ქვეყნდება ,,ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ინდექსი’’ ასე ჰქვია ამ კრიტერიუმს. იქ ჩახედეთ, სად არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სამართლიანი სასამართლო? აბა იქ ჩახედეთ, სად არის საქართველოს მაჩვენებელი? იმდენად არის დაწეული, რომ ქვეყნის კონკურენტუნარიანობას წევს ქვემოთ. აი ამაზე უნდა საუბრობდეს პოლიტიკური ისტებლიშმენტი და არა იმან ის თქვა და ა.შ. ჩვენთან ფორმა უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე შინაარსი. მე მოქალაქეებსაც მოვუწოდებ, რომ შინაარსი გააპროტესტონ. იმიტომ, რომ ის პროტესტი, რაც დღეს არის რუსთაველზე, ეს არის მართლა გულწრფელი პროტესტი. პოლიტიკაში არ ითარგმნება გულწრფელი პროტესტი პირდაპირ შედეგში. ამას სჭირდება თავისი მექანიზმები, ისევე როგორც ეკონომიკაში არ ითარგმნება, რაც არ უნდა გინდოდეს შენ, რომ ბიზნესი აკეთოს კარგად, პატიოსნად ამას ხელისუფლებამ, თუნდაც ოპოზიციამ (პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა) თუ არ შეუქმნა მექნიზმები, ასე ვერ მოხდება. ქვეყანა ბოლო რამდენი წელია ისწრაფვის აქეთკენ, ის პროგრესი რაც გვაქვს ნუ დავუკარგავთ ნურც შევარდნაძეს, ნურც სააკაშვილს და ნურც ივანიშვილს და ნურც ყველა პრემიერს, რომელიც მანამდე იყო. იმიტომ, რომ მართლა ასე იყო. ყველამ ვიცოდით ჩვენი ორიენტირი. ახლა რაც ხდება - წარმოიდგინეთ ღამე უცებ შტორმის დროს, ან ტალღების დროს გემი, რომ მიდის და თანამედროვე ნავიგაციის საშუალებები თუ არ აქვს, ადრე შუქურა ჰქონდა და მის შუქს უყურებდა, რომ ორიენტირება მოეხდინა. ამათმა ჩვენ ეს შუქურა ჩაგვიქრეს. ახლა ვართ ამ რყევებში, შტორმში, სიბნელეში. საით წავიდეთ არ ვიცით. ჩვენც ყველამ უნდა მოვუსვათ ერთად ნიჩბები. ერთად უნდა მოვახერხოთ სამშვიდობოს გასვლა.’’- განაცხადა ლევან კობერიძემ.