როგორი იყო და რა დინამიკა გამოიკვეთა საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ოქტომბერში, ამ საკითხზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში „კოლიერსის“ კვლევისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელმა ლეო ჩიქავა ისაუბრა.

ლეო ჩიქავას ინფორმაციით, ოქტომბერში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 9%-ით გაიზარდა და ძირითადად, ზრდა ახალი პროექტების მეორეულ ბაზარზე მოდიოდა, სადაც ზრდა15%-მდე იყო. რაც შეეხება ბათუმს, ზრდა 14.9%-ია. ამასთან ერთად, წლის განმავლობაში ბათუმში უფრო მეტი ზრდა დაფიქსირდა, რის მიზეზადაც ლეო ჩიქავა უცხოელებისგან წამოსულ მზარდ მოთხოვნას ასახელებს.

„ბათუმში ცოტა სხვანაირი ტენდენციებია, ვიდრე თბილისში. დედაქალაქში ბინების 90%-ს საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ, ბათუმში კი უცხოელების წილი 50% და შეიძლება, მეტიც იყოს.

ბაზრის ზომა ოქტომბერში, ვინაიდან ტრანზაქციების რაოდენობაც გაიზარდა და ფასებიც ჯერ კიდევ მზარდია, თბილისში ბაზრის 25%-ით არის მომატებული, ბათუმში 27%-ით. თბილისში ბაზრის ზომა 336 მილიონი დოლარი იყო, ბათუმში - 100 მილიონი დოლარი“, - განაცხადა ლეო ჩიქავამ.

„კოლიერსის“ კვლევისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელი იმასაც აღნიშნავს, რომ 2025 წლის პირველი 10 თვის შედეგებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ახალი პროექტების მეორეულ ბაზარზე ფასები 7%-ით არის გაზრდილი, ბათუმში კი ზრდა 10%-ამდეა.