1-ელი დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა, რომელიც მიხეილ სარჯველაძემ გახსნა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ექიმებსა და სექტორის წარმომადგენლებს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის. მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებულად აღნიშნა თენგიზ ცერცვაძის ღვაწლი, რომლის ხელმძღვანელობითაც ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, შიდსთან ბრძოლის მიმართულებით.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აქვს ყველა რესურსი და უნარი, ეფექტიანად გაუმკლავდეს ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა აივ ინფექცია/შიდსი.
ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ რეგიონულ საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით, საქართველო ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზეა, შიდსთან ბრძოლის მიმართულებით. გაფართოვდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა როგორც დიაგნოსტიკის, ისე - მკურნალობის მხრივ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სერვისების ეფექტიანობასა და დროულ ხელმისაწვდომობას. საქართველოში, უზრუნველყოფილია აივ/შიდსის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობა, მათ შორის პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის სერვისი. აივ ტესტირება კონფიდენციალურია და უფასო.
ღონისძიების ბოლოს, გაიმართა შიდსთან ბრძოლის სფეროში, განსაკუთრებული წვლილის მქონე სპეციალისტების დაჯილდოება, რომელთაც ჯანდაცვის მინისტრმა თენგიზ ცერცვაძის სახელობის ჯილდო გადასცა.
შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, სამედიცინო დაწესებულებების, სამოქალაქო სექტორის და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს