პედაგოგმა ნათია ფურცელაძემ და ფოტოგრაფმა გიორგი ცაავა თბილისიდან ბაღდათში საცხოვრებლად გადასვლისა და იქ მრავალფუნქციური კაფეს მოწყობის გადაწყვეტილება გასულ წელს მიიღეს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ნათია ფურცელაძე იხსენებს, ამ ნაბიჯის გადადგმა იოლი არ ყოფილა, რადგან საკუთარი სამსახურის, იმ სკოლის დატოვება მოუწია, სადაც ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს, მაგრამ მას შემდეგ რაც „აწარმოე საქართველოში“ მისმა პროექტმა წარმატებით გადალახა რამდენიმე ეტაპი და 40 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა, მეუღლესთან ერთად ბავშვობის ოცნების რეალიზების შესაძლებლობა მიეცა.

„კომერსანტი“ ნათია ფურცელაძეს მრავალფუნქციური კაფე „გლიცინიას“ შექმნისა და სამომავლო გეგმების ესაუბრა.

როდის და რატომ გადაწყვიტეთ თბილისიდან ბაღდათში საცხოვრებლად გადასვლა?

ნათია ფურცელაძე, „გლიცინიას“ თანადამფუძნებელი: მე და ჩემმა ქმარმა სკოლა ბაღდათში დავამთავრეთ. მე 15 წლის ვიყავი, ბაღდათიდან რომ წამოვედი უმაღლესი განათლების მისაღებად, მერე დავსაქმდი დედაქალაქში. ბოლო წლებში ხშირად ვამბობდით, რომ ძალიან გვინდოდა მშობლიურ ქალაქში დაბრუნება. თუმცა, ამას შორეულ მომავალში გადავდებდით ხოლმე. მერე პანდემიის დროს უფრო ხშირად გვიწევდა იქ ყოფნა და ერთმანეთს ვუთხარით, რომ დაგვეჩქარებინა ამ სურვილის შესრულება და ასე მომწიფდა ეს იდეა, თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო. თან ჩემი გამოცდილება, ჩემი საქმე და სკოლა, სადაც ვმუშაობდი, ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებდა. ასევე ძალიან გვინდოდა, რომ ჩვენს შვილებს ჰქონოდათ იმერეთის პატარა ქალაქში ცხოვრების ის გამოცდილება, რაც ჩვენ გვქონდა.

როგორ გაჩნდა ბაღდათში კაფეს მოწყობის იდეა?

რაც შეეხება კაფეს, მას შემდეგ, რაც მე და გიორგიმ ერთად დავიწყეთ მოგზაურობა, ჩვენთვის ვოცნებობდით, რომ ბაღდათში გვქონოდა მყუდრო კაფე, სადაც ესთეტიკური გარემო იქნებოდა. როცა გადავწყვიტეთ, რომ, აი, ზაფხულიდან გადავდივართ, „აწარმოე საქართველოში“ კონკურსის ფარგლებში საპროექტო იდეა დავწერე, გადავლახე რამდენიმე ეტაპი და მოვიპოვე დაფინანსება. გამიმართლა იმაში, რომ გასულ წელს პრიორიტეტი იმერეთი და ქალების მხარდაჭერა იყო. სტანდარტული გრანტი რაც არის, იმაზე ოდნავ მეტი იყო იმერეთისთვის და 40 000 ლარი მომცეს. მთელი ეს თანხა ძირითადი აქტივების, სამზარეულოს ინვენტარის შეძენას მოვახმარეთ, მაღალი დონის უჟანგავი ფოლადის მაცივრები და მაგიდები ვიყიდეთ. კაფე ჩვენი ხელით მოვრთეთ, ჩემი ქმარი ხატავს, ფოტოგრაფია და ძველი ნივთები განაახლა. ინტერიერს რაც შეეხება, ჩვენი სახლის ინტერიერია დატოვებული, წლების განმავლობაში ვაგროვებდით სხვადასხვა ნივთებს, ასე 15 წლის წინ შეიძლება არ გვცოდნოდა, რომ ისინი აქ დაიდებდნენ ბინას.

როგორია „გლიცინიას“ მენიუს კონცეფცია, რა სიახლეები გაქვთ?

„გლიცინია“ 12 მაისს გავხსენით. ცხადია უპირველესი სამიზნე არის სამზარეულო, მაგრამ ეს არ არის სტანდარტული კვების ობიექტი. სახასიათო რომ იყოს ვცდილობთ, ევროპული კერძი გავაიმერულოთ. მაგალითად, მენიუში გვაქვს მჭადის სენდვიჩი, მჭადის ბურთულები ქინძის ბაჟეში, ბელგიური ვაფლი გაიმერულებული, პიტნიანი ლიმონათი, იმერული ხაჭაპური პიტნით,ჩვენს  პიცას ჰქვია მარგალიტა ბებიას პიცა, რომელიც სულგუნით მზადდება და ა.შ.

რა იგულისხმება „გლიცინიას“ მრავალფუნქციურობაში? 

„გლიცინიას“ მრავალფუნქციურობაში იგულისხმება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები. კაფეს ერთ ნაწილში ჩემი ბიბლიოთეკაა, სადაც თავმოყრილია ის წიგნები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში დავაგროვე; ვმართავთ შეხვედრებს; მაის-ივნისში ვატარებდი ტრენინგებს; 10 დღის წინ იანა კოხოძე გვყავდა სტუმრად, რომელმაც ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა - რა შესაძლებლობები არსებობს მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ განათლების მისაღებად; ამას გარდა, კინოჩვენებებს ჩავატარებთ, სამაგიდო თამაშები გვექნება და ა.შ.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ამ ეტაპზე ეზოს სამუშაოებით ვართ დაკავებული. გვინდა, რომ გარე სივრცე განვავითაროთ, მოვაწესრიგოთ, რომ სიმწვანეშიც შეეძლოთ სტუმრებს ყოფნა. ალბათ, სეზონურად გარეკაფე გვექნება, ჩემი ქმარი ფოტოგრაფია და ფოტოგრაფიის მიმართულებასაც განვავითარებთ, შეიძლება ფოტოსკოლა შევქმნათ. გიორგის დიდი სურვილი აქვს, რომ თავისი გამოცდილება მსურველებს გაუზიაროს. ამავე სივრცეში შეიქმნება წიგნის მაღაზია, რაც ბავშვობიდან ჩემი დიდი ოცნება იყო. თუმცა, ამას რა დრო დასჭირდება, ახლა რთული სათქმელია. ოქტომბერში, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სამსახურის მხარდაჭერით, ლიტერატურული ფესტივალის ჩატარებას ვგეგმავ. მწერლები გვეყოლება სტუმრად, გაიმართება შეხვედრები და ამ ტიპის აქტივობები უფრო მეტი გვექნება.