ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი რუსეთის აეროპორტების მუშაობის პერიოდული შეზღუდვის გამო 2026 წელს დაახლოებით 8 მილიონი დოლარით დაზარალდა. ამის შესახებ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.
გაიაშვილის განმარტებით, ზარალის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსეთის აეროპორტების მოულოდნელი დახურვაა, რაც უკრაინული დრონების თავდასხმებს უკავშირდება. შედეგად, ავიაკომპანიას თვითმფრინავების სათადარიგო აეროპორტებში გადამისამართება უწევს, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამას ემატება საწვავის გაძვირება, მგზავრების მომსახურებისა და კომპენსაციების ხარჯები, ასევე ფრენების გახანგრძლივება.
რუსეთის აეროპორტებში შექმნილი ვითარების გამო Georgian Airways-მა სექტემბრიდან თბილისი-მოსკოვის რეისების სიხშირეც შეამცირა — დღეში სამის ნაცვლად ორი რეისი სრულდება. გაიაშვილის თქმით, საღამოს რეისების დიდი ნაწილი ხშირად სათადარიგო აეროპორტებში გადამისამართდებოდა, რადგან რუსეთის აეროპორტები ღამის საათებში მუშაობას აჩერებდნენ.
კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, არსებული ვითარება ავიაკომპანიის განვითარებასაც აფერხებს. Georgian Airways-ი იძულებულია, რუსეთის ქალაქებში ფრენების ქსელის გაფართოების გეგმები გადადოს მანამ, სანამ აეროპორტების მუშაობა არ დასტაბილურდება. ამასთან, კომპანია რუსეთში რეისების შესრულებას გააგრძელებს.
გაიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში ფრენების შესრულება Georgian Airways-ისთვის ადგილობრივ გადამზიდავებთან შედარებით უფრო ძვირია. განსხვავებულია აეროპორტების მომსახურებისა და აერონავიგაციის ტარიფები, ხოლო რუსეთში ფრენების დაზღვევის ღირებულება დაახლოებით 1.5-ჯერ გაიზარდა. მიუხედავად დამატებითი ხარჯებისა, კომპანია ცდილობს, ბილეთებზე მისაღები ფასები შეინარჩუნოს და არსებული მიმართულებებიდან მგზავრთნაკადი არ დაკარგოს.