გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” მიმართ სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა. როგორც განცხადებიდან ირკვევა, კომპანიამ დაარღვია პირობა, რაც მისი სალიცენზიო არეალის განვითარების გეგმის შედგენას და ამ გეგმის სახელმწიფოსთვის წარდგენას ითვალისწინებდა.
დოკუმენტაციის წარდგენა კომპანიას 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ევალებოდა. ამასთან, კომპანიას არც სალიცენზიო პირობების დაცვის ანგარიში არ წარუდგენია სახელმწიფოსთვის.
„ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა" სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის 23 მარტის №38/ს ბრძანების მეორე პუნქტის „ქ)" ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებული იყო, ლიცენზიის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში სამინისტროში წარმოედგინა სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი მის მიერ სალიცენზიო ფართობზე არსებული ბიომრავალფეროვნების კომპონენტების შესახებ, წლის სხვადასხვა სეზონისთვის ჩატარებული კვლევის საფუძველზე, სამინისტროსთან შეთანხმებული სქემისა და მოთხოვნების შესაბამისად. ლიცენზიანტს სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი არ წარუდგენია, რის საფუძველზეც, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, კომპანიის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.
ამასთან, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა", საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ვალდებული იყო, ყოველწლიურად, 01 აპრილიდან 01 მაისამდე, წარმოედგინა ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ. „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას", დადგენილ პერიოდში, სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ 2022 წლის ანგარიში არ წარმოუდგენია; შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც, შემდგომი განხილვის მიზნით, ასევე გადაიგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში“, - ნათქვამია განცხადებაში.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად, საქართველოს ხელისუფლებამ გასული წლის მარტში გადასცა.
სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია 1 151 832 ლარად გაიყიდა. აუქციონში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა და გამარჯვებულიც ის გახდა - შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“. აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორმა, ლიცენზიის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში, 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ წილის 100 %-ის მესაკუთრეა შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“, რომელიც საქართველოში 2017 წლის 15 მარტს არის რეგისტრირებული. ამ კომპანიას წილს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული Global Victory Investments Limited ფლობს. 2018 წლის 26 აპრილს, დუბაიში გაცემული და ნოტარულად დამოწმებული მინდობილობის მიხედვით, Global Victory Investments Limited მესაკუთრეები დავით ხიდაშელი და მისი შვილი, მარიამ ხიდაშელი არიან.