„გამყვანი ტურიზმის მიმართულებით წინა წელთან შედარებით მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია, ზოგადად მოთხოვნა პანდემიის შემდეგ ყოველწლიურად მზარდია, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ტურისტული კომპანია „ჩექინ თრეველის“ დირექტორმა ლევან ოსეფაიშვილმა უთხრა. მისი თქმით საქართველოში ყოველ წელს ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება თურქეთია, შემდეგ მოსდევს ევროპის ქვეყნები ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი. 

„ბოლო პერიოდში ევროპაში არსებული სიცხეებიდან გამომდინარე ევროპის მიმართულებით მოთხოვნამ იკლო და  ამ ეტაპზე ნომერ პირველი მიმართულება კვიპროსი და თურქეთია, რაც მხოლოდ ამინდებიდან გამომდინარეობს. თუმცა ყოველთვის მოწინავე ადგილზეა ესპანეთი, იტალია, პორტუგალია და საბერძნეთი“, - აღნიშნა  ლევან ოსეფაიშვილმა.

რაც შეეხება ფასებს, ოსეფაიშვილის თქმით წინა წელთან შედარებით ფასები მინიმუმ 15%-ით არის გაზრდილი.

„რაც შეეხება ბიუჯეტურ მიმართულებებს, თურქეთი ყოველთვის არის ბიუჯეტური, ოღონდ  ივნისის  პირველ ნახევრამდე, დაახლოებით 15 რიცხვამდე, შემდეგ უკვე ფასები  ძალიან  იზრდება და ივლისსა  და აგვისტოში ბიუჯეტური მიმართულებები აღარ არსებობს.“  - აღნიშნა  ლევან ოსეფაიშვილმა.

ოსეფაიშვილის თქმით, წელს იყო პირველი წელი, როდესაც ზამთრის  პერიოდში  დეკემბერ - იანვარში ზაფხულის სეზონზე კომპანიამ ჯავშნები მიიღო.

„დეკემბრის ბოლოდან უკვე  დავიწყეთ აგვისტო სექტემბრის ჯავშნების მიღება და ეს იყო პირველი წელი, როდესაც კომპანიამ ზამთარში მიიღო  ზაფხულის  ტურებზე ჯავშანი“ - აღნიშნა ლევან ოსეფაიშვილმა.