დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიოს. GYM-ში მომხმარებელთა რაოდენობამ ბოლო წლებში განსაკუთრებით იმატა. ზოგისთვის მოტივაცია სრულყოფილი და ლამაზი სხეულის ფლობაა, ზოგი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და მავნე ჩვენებისგან თავის დაღწევას ცდილობს, ზოგი კი ვარჯიშს სტრესის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს.
ფიტნეს დარბაზების მიმართ მოთხოვნამ განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის დასრულების შემდეგ იმატა. ,,კომერსანტთან’’ საუბარში Snap Fitness Georgia-ის ხელმძღვანელი სოფო სოლოღაშვილი აცხადებს, რომ მოთხოვნა და მომხმარებელთა რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა.
,,ძალიან დიდი მოთხოვნაა მომხმარებლების მხრიდან. კოვიდის შემდგომ გაორმაგდა მოთხოვნა. ვერ გეტყვით რა გახდა ამისი მიზეზი კოვიდი, თუ უბრალოდ წლებმა მოიტანა ეს. ნამდვილად, 2022 წლის შემდეგ დღემდე დარბაზში ვარჯიშის მსურველთა რაოდენობა გაორმაგებულია.’’- აცხადებს სოფო სოლოღაშვილი.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში მიგრანტების შემოსვლამ დაბრაზებში გადატვირთულობა კიდევ უფრო გაზარდა. Snap Fitness Georgia-ს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ იყო პერიოდი, როდესაც ახალ მომხმარებლებს აღარ იღებდნენ. შეაჩერეს აბონიმენტების გაყიდვა, რადგან მომხმარებელთა რაოდენობას დარბაზები ვეღარ იტევდა.
,,მიგრანტების შემოსვლის დროს იყო პერიოდი, როდესაც ერთთვიანი აბონიმენტების გაყიდვები ავკრძალეთ რამდენიმე ფილიალში, რადგან მომხმარებელთა გამტარიანობა იყო პრობლემური. მიგრანტების დროს ეს გასაგები იყო, როდესაც ქვეყანაში უკრაინელები და რუსები ჩამოვიდნენ. ეს პერიოდიც, რომ ამოვაგდოთ ისედაც გაზრდილია მოთხოვნა.’’- აცხადებს სოფო სოლოღაშვილი.
ფიქნეს დარბაზებს სეზონურობა ახასიათებთ. ზაფხულში შვებულებების პერიოდში და ზამთარში ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში მომხმარებელთა რაოდენობა იკლებს. თუმცა ეს ტენდენცია ბოლო წლებში იცვლება. სოფო სოლოღაშვილი აცხადებს, რომ წინა პერიოდებში აგვისტო მკვდარი თვე იყო, როდესაც დარბაზები მომხმარებელთა სიმცირეს უჩიოდნენ, თუმცა ამ სეზონზე საპირისპირო სურათი მივიღეთ.
,,აგვისტოში მომხმარებელთა რაოდენობა ფაქტობრივად ნულდებოდა. წელს უკვე აგვისტოშიც კი ის ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ იყვნენ დაბრაზებში. შეიძლება 2 კვირა ჩააგდონ, მაგრამ ის რომ აგვისტოში დარბაზებში ხალხი აღარ არის ეს ტენდენცია შეიცვალა. შემცირდა ის მომენტი, რომ აგვისტოში და იანვარში იყო მკვდარი სეზონი. რა თქმა უნდა შემოდგომა, უფრო ოქტომბრის თვეში იწყება აქტიური სეზონი და თებერვლის თვეში იწყება მოთხოვნის პიკი.’’- აცხადებს სოფო სოლოღაშვილი.
ფიქნეს დარბაზების სერვისის მიმართ მოთხოვნა რომ არსებობს, ამაზე ახალი დარბაზების გახსნის ტენდენციაც მეტყველებს. ქალაქის ცენტრიდან ქსელურმა კომპანიებმა გარე უბნებში გადაინაცვლეს, რადგან ცენტრალურ ლოკაციებზე კონკურენცია დიდია და ქსელური ფიქნეს დარბაზები ჭარბი რაოდენობით არის წარმოდგენილი.