ფინანსური განათლება ადამიანებს ეხმარება, უკეთ მართონ საკუთარი ფინანსები, მიიღონ გააზრებული გადაწყვეტილებები და დაგეგმონ მომავალი. სწორედ ამიტომ, ფინანსურ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში, სადაც საგანმანათლებლო რესურსებსა და განვითარების შესაძლებლობებზე წვდომა ზოგჯერ შეზღუდულია.
ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ ახალი ინიციატივა — „ფინანსური განათლების ავტობუსი“, რომლის მხარდამჭერი და პარტნიორი მიკრობანკი „კრისტალია“.
პროექტის ფარგლებში, სპეციალურად აღჭურვილი და ბრენდირებული ავტობუსი საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და სოფელში იმოგზაურებს და ფინანსურ განათლებას სკოლის მოსწავლეებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის. ინიციატივაში 130 საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთვებიან, წლის განმავლობაში კი 180-ზე მეტი საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართება.
დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კრისტალის სახელით დოკუმენტს ხელი გენერალურმა დირექტორმა, ილია რევიამ მოაწერა ხელი.
“კრისტალისთვის ფინანსური განათლება, ცოდნის გაზიარებასთან ერთად, ადამიანებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას ნიშნავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიან საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა თანაბრად ჰქონდეთ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც. სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ, ვიყოთ ამ ინიციატივის მხარდამჭერები და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაში“, — აცხადებენ მიკრობანკ „კრისტალში“.
„კრისტალისთვის“ ფინანსური განათლების ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის - ხარისხიანი განათლების მხარდაჭერისა და გრძელვადიანი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. კომპანია მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის გავრცელებას, ფინანსური უნარების განვითარებასა და ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.